როგორც Sky News-ს უკრაინული წყარო უყვება, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ მზად არ არის აშშ-სთან წიაღისეულზე შეთანხმების მისაღებად, რადგანაც უკრაინული მხარე შეთანხმების პროექტში „რამდენიმე პრობლემურ საკითხს“ ხედავს.
უკრაინული წყაროს თქმით: „შეთანხმება ჯერ მზად არ არის გასაფორმებლად, არსებობს რიგი პრობლემური საკითხები და მიმდინარე შეთანხმების პროექტით, პრეზიდენტი მზად არ არის მის მისაღებად. ამჟამინდელი პროექტები არ ასახავს პარტნიორობას და მხოლოდ უკრაინის ცალმხრივ ვალდებულებებს შეიცავს“
დღეს, 22 თებერვალს, Wall Street Journal-მა საკითხთან ახლოს მომუშავე პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ და უკრაინა შეთანხმების მიღწევას უახლოვდებოდნენ.
გასული 3 წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ინვესტიცია უკრაინის იშვიათ წიაღისეულში უზრუნველყოფდა იმას, რომ აშშ "რაღაც ფორმით ამ ფულს უკან დაიბრუნებდა". ტრამპს სურს, რომ კიევმა აშშ-ს გაცემული სამხედრო დახმარების ასანაზღაურებლად 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეულზე წვდომა მისცეს.
ცნობისთვის, ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ არის. მისივე თქმით, დოკუმენტი არ არის მზად უკრაინისა და მისი ინტერესების დასაცავად.
"ნება არ დავრთე მინისტრებს, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ, რადგან, ჩემი აზრით, ის ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად მზად არ არის". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრ, სკოტ ბესენტის პრეზენტაციის შემდეგ შეთანხმებისთვის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მანამდე მისი გამოკვლევა და სხვებისგან რჩევის მოსმენა იყო საჭირო.
"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ინვესტიციებზე ვილაპარაკოთ და ეს ჩვენმა იურიდიულმა ექსპერტებმა სიღრმისეულად უნდა გამოიკვლიონ. შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორ გადავანაწილებთ მოგებებს (მინერალური რესურსების შეთანხმებიდან), თუკი ის უსაფრთხოების შეთანხმებასთან იქნება დაკავშირებული". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ შეთანხმება უსაფრთხოების შეთანხმება არ იყო და მასში "არ არის უსაფრთხოების გარანტიები", რის გამოც მისთვის ხელის მოწერა ამჟამად უკრაინის "ინტერესში არ არის".





