კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარყო, რომ საუდის არაბეთში უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე რუსეთმა აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის ფლანგიდან NATO-ს ჯარების გაყვანა მოსთხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, ТАСС ავრცელებს.
"არა, ეს ასე არ არის, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენი პოზიცია ამის შესახებ არის, რომ ჩვენი საზღვრების მიმართულებით NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის წინ წაწევა [გაფართოების] რამდენიმე, მალე თითქმის ათობით, ტალღის განმავლობაში ჩვენს შეშფოთებას განაპირობებს. ეს ჩვენი პოზიცია ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, არავისთვის არ არის საიდუმლო". - თქვა პესკოვმა.
მანამდე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების პირველივე ეტაპის ფარგლებში რუსეთმა აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის ფლანგიდან NATO-ს ჯარების გაყვანა მოსთხოვა.
როგორც გამომცემლობა წერდა, რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის და თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, კრისტიან დიაკონესკუს ინფორმაციით, "აშშ-ს დელეგაციამ მოსკოვის მოთხოვნა უარყო, თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვაშინგტონი მომავალში ვლადიმირ პუტინთან ამ დათმობაზე არ წავა".
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საუდის არაბეთში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, იმ ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, მხარეები შემდეგ საკითხებზე შეთანხმდნენ:
- "ჩამოყალიბდეს საკონსულტაციო მექანიზმი, რათა მოგვარებული იყოს ორმხრივ ურთიერთობაში გამაღიზიანებელი ფაქტორები იმ მიზნით, რომ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები ჩვენი შესაბამისი დიპლომატიური მისიების საქმიანობის ნორმალიზებისთვის;
- დაინიშნოს შესაბამისი მაღალი დონის ჯგუფები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა უკრაინაში კონფლიქტის დამთავრების გზაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და მისაღები ყველა მხარისთვის;
- საფუძველი ჩაეყაროს სამომავლო თანამშრომლობას საერთო გეოპოლიტიკური ინტერესის მქონე საკითხებზე, ასევე ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად აღმოცენდება;
- მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე პირობას დებენ, შეინარჩუნონ ერთმანეთთან წვდომა, რათა გარანტირებული იყოს, რომ პროცესი წინ დროულად და პროდუქტიულად წავიდეს".
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.
მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.
შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.
"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.
რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.
ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.
"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.
ამასთანავე, New York Times-მა 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუბიომ შეშფოთებულ ევროპელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივი შეთანხმების პირობების მიღება უკრაინას ან ევროპას დააძალოს.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონს გარკვევით ესმოდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს დასავლეთის დაყოფისთვის ან მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაციის შესასუსტებლად გამოიყენებდა. NYT-ის ცნობით, მან ევროპელ პარტნიორებს ასევე უთხრა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის, თუ რუსეთის პოზიციაში აშკარა ცვლილება არ იქნება, თუმცა არ გამორიცხა შეზღუდული სახით სანქციების მოხსნა, თუ მოსკოვი ისეთ ნაბიჯებს გადადგამდა, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციას სურს.





