რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის NATO-ს წევრობას არ გამორიცხავს – ტრამპის წარმომადგენლის მოადგილე

უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე, ჯონ კოლი
REUTERS/Eduardo Munoz/File Photo

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, უკრაინასა და რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ, ჯონ კოლმა განაცხადა, რომ აშშ არ გამორიცხავს უკრაინისთვის NATO-ს პოტენციურ წევრობას ან მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლამდელ საზღვრებში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.

"ამჟამად ეს მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება" - უპასუხა კოლმა კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აშშ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას და დაამატა, რომ უკრაინის 2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნებაც მაგიდაზე რჩება.

12 თებერვალს ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ს, ევროპის მსგავსად, "სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს", მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის "2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა".

მან ასევე დაამატა, რომ "აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი", რა პოზიციაც მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც გაიზიარა, რომელმაც თქვა, რომ ჰეგსეთის მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.

რას გულისხმობს ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის დასამთავრებლად?

კოლმა ასევე თქვა, რომ უკრაინის შესახებ ფორმალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და რომ აშშ ჯერ კიდევ მუშაობს ევროპელებთან და უკრაინელებთან მოლაპარაკებების გამართვით იმის შესახებ, თუ როგორია კონფლიქტის დამთავრების საუკეთესო გზა.

ჰეგსეთის განცხადების შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან შეხვედრების გამართვამდე მოკავშირეებმა არაფერი არ უნდა გამორიცხონ, რადგან ეს "რუსეთის მოედანზე თამაშია".

კითხვაზე, უთმობს თუ არა აშშ წინასწარ პუტინს ზედმეტად ბევრს, კოლმა უპასუხა, რომ "ზოგიერთმა პირმა დაუფიქრებლად ისაუბრა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმეს ვთმობთ".

"პუტინთან და რუსებთან ეს არ იცი. ჩვენს გაცრუებას ცდილობენ? თუ გულწრფელები არიან? და შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიხვალ და ყველაფერს სწრაფად იგებ". - დაამატა მან.

კომენტარები