ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს 28-დღიანი შიმშილობის გამო, 17 კილოგრამი აქვს დაკლებული. ამის შესახებ გამოცემა ბათუმელბს ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა უთხრა.
გაბროშვილის ცნობით, ქათამაძე კვლავ აგრძელებს შიმშილობას და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრიდან "სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე".
"ისევ აგრძელებს ბატონი თემური შიმშილობას და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე.
თანაც, მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. იცით, რომ მას უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა, კიდევ ერთი იქნება, სადაც უნდა გაასაჩივროს ლტოლვილისა და ჰუმანიტარულ სტატუსზე უარის თქმის საკითხი.
ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მას სჭირდება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მტკიცებულებები. მისი შიმშილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ყოველდღე ამზადებს გარკვეულ ახსნა-განმარტებებს საქმისთვის, უკავშირდება ახლობლებს მტკიცებულებების მოძიების მიზნით და ამაშიც ძალიან შეზღუდულია, რადგან კვირაში სამი დღე აქვს, როცა შეუძლია 4-წუთიანი ზარის განხორციელება ახლობლებთან". - თქვა ადვოკატმა.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
6 თებერვალს ქათამაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბათუმელმა მედროშემ 15 კილოგრამი დაიკლო და მას გადაადგილებაც უჭირს





