საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დამფუძნებელმა, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მზია ამაღლობელი აგრძელებს შიმშილობას და უტარდება დამატებითი კვლევები, რის საფუძველზეც ექიმები გადაწყვეტენ, დარჩება ის კლინიკაში თუ დაბრუნდება ციხეში.
ქურდოვანიძის თქმით, ამაღლობელს პენიტენციურში დაბრუნება სურს.
"ის [ამაღლობელი] აგრძელებს სრულ შიმშილობას და აქ [ვივამედში] რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა, მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი, რომ მოითხოვს დააბრუნონ პენიტენციურში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და არ არის აქ მხოლოდ მისი სურვილი და გადამწყვეტია როგორი იქნება სამედიცინო ჩვენება.
მას როგორც უთხრეს ექიმებმა, დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, რის შემდეგაც ექიმები გადაწყვეტენ ისევ ვივამედში დატოვებენ თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება". - უთხრა ქურდოვანიძემ ტვ პირველის ჟურნალისტს.
სახალხო დამცველის ეგიდით შედგენილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, გასტროენტეროლოგმა, გიორგი გვილიამ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას 7 თებერვალს თქვა, რომ "რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები", რომ პაციენტის გადასარჩენად "თუნდაც ძალიან მაღალი სამედიცინო ჩარევა" არ იქნება საკმარისი.
ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
ჯგუფში 4 ექიმი შედის:
1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;
2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;
3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია;
4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია.
ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.
- ჩხაიძე ამაღლობელზე: კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას
- მზია ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს – ადვოკატი
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





