მზია ამაღლობელის დაკავება

სააპელაციოს გადაწყვეტილება მორიგი უკანონო სამართლებრივი აქტია  – საია ამაღლობელზე

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დაფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ის ფაქტი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო არის მორიგი უკანონო, რეპრესიული და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს აცდენილი სამართლებრივი აქტი.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ვერა დოლიძის 19 თებერვლის განჩინებით, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 13 თებერვალს, ხელახლა მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

საჩივარში მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აკისრებდა ვალდებულებას, პირველ რიგში, დასაშვებად ეცნო საჩივარი, შემდგომ კი, მიეღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მზია ამაღლობელის ადვოკატების მხრიდან სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა ახალი არსებითი გარემოებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ სასამართლოს გადაეცა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. აღნიშნულით დასტურდებოდა დაკავების უკანონობა. შუამდგომლობას ასევე, დაერთო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ გადმოცემული მასალების მიხედვით, საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი. სასამართლოს ასევე, გადაეცა მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი.

დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებული ახალი არსებითი გარემოებები სრულიად აბათილებს ბრალდების მხარისა და სასამართლოს მიერ განვითარებულ ჰიპოთეტურ დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რაიმე საფრთხე. კერძოდ,:

- დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს, მას არ მიუყენებია შეურაცხყოფა არცერთი სამართალდამცავისთვის და ასკ-ის 173-ე მუხლით შედგენილი დაკავების ოქმი უკანონოა. შესაბამისად, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეზე საუბარი ყალბ დაკავების ოქმზე დაყრდნობით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია;

- მზია ამაღლობელის გამოკითხვის ოქმი, ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებთან ერთად ქმნის მომხდარის სრულ სურათს. აღნიშნულ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ის ფაქტიც, რომ საქმეზე მხოლოდ სამართალდამცავები არიან გამოკითხულნი, რომლებზე ზემოქმედებაც შეუძლებელია მოახდინოს ბრალდებულმა. ზემოთქმული არგუმენტები არ ტოვებს თეორიულ საფუძველსაც კი მოწმეებზე ზემოქმედებისა, არათუ მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებით სპეკულაციისთვის.

ყოვლივე აღნიშნულისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემაც უგულებელყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების საჩივარი.

მსგავსად ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე ლევან ყოლბაია) 14 თებერვლის განჩინებისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ვერა დოლიძეც ასევე, არ მსჯელობს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ არცერთ გარემოებაზე, არ განიხილავს და არ აფასებს მათ. ამასთან, მოსამართლე ასევე არ ასაბუთებს, რატომ მიიჩნია არაარსებითად დაცვის მხარის მიერ წარდგენილი რომელიმე ახალი არსებითი გარემოება/მტკიცებულება. მოსამართლე 17-გვერდიანი განჩინების 14 გვერდს უთმობს დაცვის მხარის საჩივრისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების თეზისების კოპირებას, იგი ბოლო გვერდზე მხოლოდ ერთ აბზაცში სრულიად შაბლონურად და უარგუმენტოდ უთითებს, რომ არ არის წარმოდგენილი ახალი არსებითი გარემოება, რაც შესაძლოა გამხდარიყო პატიმრობის შეცვლის წინაპირობა. თავად ის გარემოება, რომ დაცვის მხარის არგუმენტების ციტირებას მოსამართლე უთმობს 14 გვერდს, მიუთითებს იმაზე, რომ საჩივარი დასაბუთებული იყო და მოსამართლეს იგი არა თუ უნდა დაეშვა, არამედ უნდა დაეკმაყოფილებინა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მორიგი უკანონო, რეპრესიული და ყოველგვარ სამართლებრივ სტანდარტს აცდენილი სამართლებრივი აქტი, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა მის მიმართ შერჩეული უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება". - ნათქვამია განცხადებაში.

19 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა.

აქამდე, 14 თებერვალს ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ წარმოებაში არ მიიღო, გადაწყვეტილებმა ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს.

ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები