მზია ამაღლობელის დაკავება

საია: ამაღლობელს "ვივამედიდან" პენიტენციურში დღეს გადაიყვანენ

ნეტგაზეთი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.

"ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში". - წერს საია.

ცნობისთვის, ჟურნალისტი 38 დღე შიმშილობდა. ბათუმელების რედაქტორმა, ეთერ თურაძემ და ნეტგაზეთის რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ კლინიკა ვივამედთან მზია ამაღლობელის შიმშილობსასთან დაკავშირებით 18 თებერვალს ბრიფინგი გამართეს, თურაძემ ამაღლობელის მიერ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, ჟურნალისტი წერდა, რომ ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

კომენტარები