მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს – ადვოკატი

ნეტგაზეთი

ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ დღეს ციხეში მზია ამაღლობელი მოინახულა. მისი თქმით, ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს და სიარული უჭირს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ნახვის შემდეგ მისი მდგომარეობა განსაკუთრებულად არ შეცვლილა. თავს ისევ სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს. შიმშილობის 24-ე დღეა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები არის, თუმცა, ჯანმრთელობის რაიმე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი პრობლემა ისეთი არაფერი აქვს". - ამბობს ქათამაძე. 

ჯუბა ქათამაძის თქმით, სახალხო დამცველს მიმართეს, რომ სპეციალური სამედიცინო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას დეტალურად გამოიკვლევს.

"ჩვენი მხრიდან სახალხო დამცველისთვის მიწოდებულია ინფორმაცია, რომ შეიქმნას სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ყველა იმ სახის სამედიცინო კვლევას ჩაატარებს, რაც ქალბატონ მზიას სჭირდება, არა მარტო ამ შიმშილობიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარეც, რომ მას გარკვეული დაავადებები აქვს, რაც დაკავებამდეც აწუხებდა". ამბობს ამაღლობელის ადვოკატი.

24-ე დღეა, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.


"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გამოუშვეს და ხელახლა დააკავეს
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები