სახალხო დამცველის ეგიდით შედგენილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, გასტროენტეროლოგმა, გიორგი გვილიამ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თქვა, რომ "რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები", რომ პაციენტის გადასარჩენად "თუნდაც ძალიან მაღალი სამედიცინო ჩარევა" არ იქნება საკმარისი.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან გვილიამ მას შემდეგ ისაუბრა, რაც კონსილიუმმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი კლინიკა ვივამედში მოინახულა.
გვილიას თქმით, ამაღლობელის სასიცოცხლო მაჩვენებლები ამჟამად საგანგაშო არ არის, თუმცა ექიმთა კონსილიუმი თანხმდება, რომ პაციენტის სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაღლობელმა შიმშილობა კლინიკაში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, ამაღლობელის მდგომარეობის გაუმჯობესება კლინიკის მუშაობის შედეგია და სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს.
"მდგომარეობა დასაფიქრებელია, არ არის მარტივი, მოგეხსენებათ, მერამდენე დღეა უკვე შიმშილობის. როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას გავეცანი, იყო კიდევ უფრო მძიმედ საავადმყოფოში გადმოყვანამდე, კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა, ძალიან ყურადღებით გავეცანით ისტორიას, და პრაქტიკულად ყველაფერი ტარდება იმისთვის, რომ შიმშილობამ არ გამოიწვოს მალე მძიმე შედეგები. დღესდღეობით, ისეთი მძიმე მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილი ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს ალბათ ჩემი კოლეგების დამსახურებაა, კლინიკის, რომლებიც ადეკვატურად, დროულად და კარგად მკურნალობენ, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი - ოღონდ ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია - რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში მიდის ისეთი ცვლილებები, რომ ეს მოხმარება გარედან, რაც სრულიად ადეკვატურად ხდება დღესდღეობით, აღარ იქნება საკმარისი. ანუ, ადამიანი არ არის მექანიზმი ისეთი მარტივი, რომ რაღაც დააკლდა, შეავსო და მერე იმან იმუშაოს, კი შევავსებთ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ის ვეღარ დავიჭიროთ. [...]
გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში ღვიძლში, რა გითხრათ? ყველა სისტემა, აი, ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათანობით. ამიტომ, მე მიმაჩნია და ჩემს კოლეგებს, ერთად შევთანხმდით, რომ პაციენტისთვის, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, მგონია, რომ იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ კლინიკაში გაგრძელდეს მისი ასეთი ადეკვატური მკურნალობა. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგივე ადეკვატური მკურნალობის პირობებში, ძალიან ყურადღების პირობებშიც კი, რაღაც დროის შემდეგ ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც კარგად იციან ექიმებმა და დათვლილია და გამოთვლილია ეს ცვლილებები, რომ მერე თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევა, ვეღარ იზამს ისე, რომ პაციენტი გადავარჩინოთ". - თქვა გვილიამ.
ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ თქვა, რომ დღეს ჟურნალისტთან კლინიკა ვივამედში სახალხო დამცველის ეგიდით შედგენილი ექიმთა კონსილიუმი შევიდოდა
ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
ჯგუფში 4 ექიმი შედის:
1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;
2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;
3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია;
4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია.
ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.
- ჩხაიძე ამაღლობელზე: კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას
- მზია ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს – ადვოკატი
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.