ჩხაიძე ამაღლობელზე: კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც 24-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს, კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს, სადაც ჰოსპიტალურ მკურნალობს კლინიკაში გააგრძელებს. 

ვივამედის კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ლაბორატორიულ კვლევების შედეგებში იყო ცვლილებები, რის შემდეგაც ამაღლობელს სტაციონარული მკურნალობა შესთავაზეს, რასაც ის დასთანხმდა, თუმცა შიმშილობას აგრძელებს.

"კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შეთავაზებულ ექნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები და საჭირო გახდა ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება" - ამბობს ჩხაიძე TV პირველთან.


მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.


"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გამოუშვეს და ხელახლა დააკავეს
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები