მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძეს ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე უნდა განეხილა, კერძოდ, ბათუმში, შსს-ს შენობის ღობეზე სტიკერის - "იფიცება საქართველო" - გაკვრის ფაქტი.
გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, მოსამართლის თქმით, მზია ამაღლობელის პროცესზე დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა, ადვოკატების თქმით კი, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელს და მის ადვოკატებს საერთოდ არ მიუღიათ.
ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.