ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკება "არ არის გონივრული, ბრძნული ან ღირსეული" მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების იდეა გაახმოვანა.
ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ "ასეთ მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა იწარმოებოდეს". მიუხედავად ამ განცხადებებისა, გამოცემა Associated Press-ის ცნობით, ხამენეის ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ პირდაპირი ბრძანება არ გაუცია.
როგორც AP წერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, თვეების განმავლობაში ირანელი მაღალჩინოსნები მიანიშნებდნენ, რომ ისინი ტრამპისგან მესიჯს ელოდებოდნენ, სურდა თუ არა მას თეირანის მსწრაფლ განვითარებადი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
თავის მხრივ, ტრამპმა, "ირანზე მაქსიმალური წნეხის" მოსახდენად ჩამოყალიბებული განკარგულების ხელმოწერის დროსაც კი, მიანიშნა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა სურს.
"მე ამას ხელს მოვაწერ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მისი ხშირად გამოყენება არ დაგვჭირდება. ჩვენ დავინახავთ, შეგვეძლება თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა". - თქვა ტრამპმა 4 თებერვალს ოვალურ ოფისში აღნიშნულ განკარგულებაზე ხელის მოწერისას.
"ჩვენ არ გვინდა, ირანის მიმართ ხისტები ვიყოთ, ხისტები ვიყოთ ნებისმიერის მიმართ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ" - დაამატა ტრამპმა.
ამასთან, 4 თებერვალს ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე დაწერა, რომ "ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ, ისრაელთან თანამშრომლობის გზით, აპირებს, რომ ირანი ნამსხვრევებამდე ააფეთქოს, ზედმეტად გადაჭარბებულია".
"მე გაცილებით ვისურვებდი ბირთვულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ირანს საშუალებას მისცემდა, მშვიდობიანად განვითარებულიყო და აყვავებულიყო. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ მუშაობას და დიდი შუა აღმოსავლური წვეულება გავმართოთ, როდესაც [შეთანხმება] დასრულდება და ხელი მოეწერება". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.