ვესაუბრე გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს. მადლობელი ვარ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისადმი გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. გერმანია უკრაინაში სიცოცხლის დაცვის საქმეში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია და ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ.
ამჟამად მთავარი პრიორიტეტი Patriot-ის [საჰაერო თავდაცვის] სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტებია, რათა ჩვენი მოსახლეობა რუსეთის ბალისტიკური თავდასხმებისგან დავიცვათ. სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა - ჩვენი Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა, რადგან რუსეთი ომის გაჭიანურების უკანასკნელ იმედს უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებზე ამყარებს. მას ამის გარდა სხვა გზა აღარ დარჩა.
კანცლერთან ასევე განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. მას უახლესი მოვლენებისა და ჩვენი მიღწევების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე.
ახლა, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის წინ, პუტინმა გადაწყვიტა, მოეტყუებინა მსოფლიო და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ის ამტკიცებს, თითქოს რუსეთის ძალებმა დონბასში კოსტიანტინივკა უკვე აიღეს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ეს კიდევ ერთი რუსული ტყუილია - მცდელობა, შექმნას გახმაურებული ამბავი.
კოსტიანტინივკა მართლაც რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ იყოს, ალბათ პუტინს არ გაუჭირდებოდა იქ ჩემთან შეხვედრა, რათა ომის საბოლოოდ დასასრულებლად დიპლომატიური გზა გვეპოვა. მაგრამ ფაქტია, რომ ის ფრონტის ხაზს არ გადაკვეთს - რეალობა სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც პუტინი ამბობს.




