უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც 25 ივნისს ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ბელბეკის აეროდრომზე დრონებით თავდასხმისა და MiG-29 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებლის განადგურების კადრებს ასახავს.
Telegram-ზე გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, უკრაინის იერიშის შედეგად რუს ოკუპანტებს, სავარაუდოდ, "ათეულობით მილიონი დოლარის" ოდენობის ზარალი მიადგათ.
ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძულზე სამხედრო სამიზნეებზე მორიგი წარმატებული იერიში მიიტანა, რაც წარმოადგენს კიევის მიერ წამოწყებული კამპანიის ნაწილს, რათა ოკუპირებული ყირიმი იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა დასუსტდეს.
ცნობისთვის, ივნისის შუა რიცხვებში უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ "მადიარ" ბროვდიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული ყირიმის რუსეთისგან იზოლაციაში მოქცევაა, რაც ბროვდის მიხედვით, "ახლო მომავალში" მოხდებოდა.
მოგვიანებით ბროვდიმ დაწერა, რომ ნახევარკუნძული კრემლისთვის "ფსიქოლოგიური გარდატეხის წერტილი" გახდება და "მოსკოვს დაასრულებს".
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა 17 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით იერიშების გამო ოკუპირებული ყირიმი მალე იზოლაციაში მოექცევა, რამაც შესაძლოა, რუსეთისთვის "ძალიან მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს".




