4 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. ერთი ბრძანებით ტრამპმა ირანზე "მაქსიმალური წნეხი" აღადგინა, მეორე კი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) დატოვებას, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთვის (UNRWA) დაფინანსების შეჩერების გახანგრძლივებასა და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) მონაწილეობის გადახედვას ეხება.
ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ აშშ-ს წინა პრეზიდენტმა ნავთობის ექსპორტზე სანქციების არასათანადო აღსრულებით ირანს საშუალება მისცა, ნავთობის გაყიდვით ბირთვული პროგრამა და ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული ჯგუფები დაეფინანსებინა.
ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ს ხაზინას ირანზე "მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას" მოიცავს, მათ შორის, სანქციების დაწესებასა და ამ სანქციებისთვის თავის არიდებისთვის სათანადო საპასუხო მექანიზმების შემუშავებას. გარდა ამისა, დირექტივა ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტს მიუთითებს, რომ ირანის ნავთობის ექსპორტი "ნულამდე დაიყვანოს".
ცნობისთვის, ტრამპის პირველი ვადის დროს ირანის ნავთობის ექსპორტი სანქციების ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა, ბაიდენის პრეზიდენტობისას კი გაიზარდა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ირანზე "მაქსიმალური წნეხის" პროგრამის ხელმოწერის გამო "არ არის გახარებული", რადგან ის ძალიან მკაცრია, თუმცა სიმტკიცე არის საჭირო. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოპოვებასთან "ზედმეტად ახლოს" არის.
"მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ჩემთან ეს ძალიან მარტივადაა, ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ არ გვინდა, ირანის მიმართ ხისტები ვიყოთ, ხისტები ვიყოთ ნებისმიერის მიმართ, მაგრამ უბრალოდ არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ". - თქვა ტრამპმა.
მანამდე, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენა აზრს კარგავს, რადგან თეირანი უკვე ფაქტობრივად ატომურ სახელმწიფოდ გადაქცევის ზღვარზეა. გროსის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს ირანთან ბირთვული განიარაღების ახალი ნაბიჯები, რაც შეესაბამება არსებულ "ახალ რეალობას".
ირანული გამომცემლობა IRNA-ს თანახმად, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი ატომური ენერგიის ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ეყრდნობა, ირანი "სხვადასხვა ტიპის ახალი და მოწინავე ცენტრიფუგების დიდი რაოდენობის" გააქტიურებას გეგმავს. ცენტრიფუგა ხელსაწყოა, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება. გამდიდრებული ურანით აწარმოებენ საწვავს, თუმცა ის ასევე გამოიყენება ბირთვული იარაღის შექმნისთვის.
ირანზე "მაქსიმალური ზეწოლის" აღდგენის გარდა, ტრამპის ახალი ბრძანებით, აშშ-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა, UNRWA-სთვის დაფინანსების შეჩერება გაახანგრძლივა და UNCESCO-ში მონაწილეობის გადახედვა გამოაცხადა.
"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამჟამად ის ამ პოტენციალს არ ამართლებს. დიდი ხანია, ასეა". - თქვა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერისას.
პარალელურად, 4 თებერვალს, დონალდ ტრამპს ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა, რომელიც UNHRC-ს "უტიფარ ანტი-ისრაელურ აკვიატებაში", ხოლო UNRWA-ს "ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტივობებში" ჩართულობაში ადანაშაულებდა
ტრამპის პირველი ვადის ადმინისტრაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ასევე დატოვა და UNRWA-სთვის ასევე გააუქმა დაფინანსება. გარდა ამისა, 2019 წელს ისრაელმა და აშშ-მ UNESCO ისრაელის საზღვრებში "ებრაული ისტორიის" წაშლის ბრალდებით დატოვეს.
მოგვიანებით, ბაიდენის ადმინისტრაცია UNHRC-სა და UNESCO-ში ხელახლა გაწევრიანდა და UNRWA-ს დაფინანსება აღუდგინა. თუმცა, საბოლოოდ, გასულ წელს UNRWA-ს დაფინანსება შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ორგანიზაციის თანამშრომლების 7 ოქტომბრის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ამის შემდეგ აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც UNRWA-სთვის დაფინანსების შეჩერებას მიმდინარე წლის მარტამდე ითვალისწინებდა.