აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ 28 ივნისს ჰორმუზის სრუტეში გემებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ირანის "რამდენიმე სამხედრო ობიექტზე“ იერიშები მიიტანა.
"ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ ახლახან დაარტყა ირანის სარაკეტო და დრონების შესანახ ობიექტებს, ასევე სანაპირო რადარის პოზიციებს, რადგან ირანმა კვლავ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება!" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
"შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვეღარ შევძლებთ გონივრულად მოქმედებას და იძულებული გავხდებით სამხედრო გზით დავასრულოთ ის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს!" - დასძინა ტრამპმა.
CENTCOM-მა განაცხადა, რომ დარტყმები პასუხი იყო ირანული დრონით პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ Kiku-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც სრუტის საშუალებით დაახლოებით ორი მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.
უწყების განცხადებით, საპასუხო იერიშების სამიზნე "სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო სისტემები, საჰაერო თავდაცვის პოზიციები, დრონების საცავები და ნაღმების განმთავსებელი შესაძლებლობები" გახდა.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისმა საზღვაო და საჰაერო ძალებმა საპასუხოდ იერიშები მიიტანეს აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში.
Reuters-ს აშშ-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე ირანის თავდასხმებს არც მსხვერპლი და არც მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.




