რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი კიევზე იერიშის შემდეგ Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის კიევისთვის ლიცენზიის გაცემას სთხოვს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უნდა გახდეს NATO-ს მომავალი სამიტისა და სხვა საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი.

"ევროპას უნდა ჰქონდეს საკმარისი დამოუკიდებელი შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი ყველა სახის საფრთხისგან, მათ შორის ამ საფრთხისგანაც - რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ ადმინისტრაციასთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც უკრაინას PURL-ის პროგრამის ფარგლებში ეხმარებიან, რომელიც საჰაერო თავდაცვისთვის, მათ შორის Patriot-ის სისტემებისთვის, რაკეტების შესყიდვის შესაძლებლობას იძლევა.

"თუმცა, ადამიანების სიცოცხლის ჭეშმარიტად საიმედოდ დასაცავად, აუცილებელია საკუთარი წარმოება. ევროპული წარმოება - აქ, უკრაინაში, ან პარტნიორებთან ერთად. პრეზიდენტ ტრამპის დადებითი პასუხის დიდი იმედი გვაქვს, რათა ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ" - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ანტიბალისტიკური სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღების საკითხი განიხილა.

G7-ის სამიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ლიდერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან განიხილონ უკრაინისთვის ისეთი ლიცენზიების გაცემის საკითხი, რომლებიც ანტისარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

კომენტარები