ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
"2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა.
ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით:
1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;
2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;
3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია;
4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია
ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას.
ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ.
ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ". - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს.
ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.
-
ჩხაიძე ამაღლობელზე: კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას
-
მზია ამაღლობელი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს – ადვოკატი
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.