მზია ამაღლობელის საქმე

საგანგაშო მდგომარეობაა, სულ შეიძლება, გართულება იყოს – ჩხაიძე ამაღლობელზე

ვივამედის კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება, მის შიმშილობას გართულებები ნებისმიერ დროს მოჰყვეს.

"დღეს მოვინახულე მზია ამაღლობელი, მხნედ არის. დაგვჭირდა დამატებითი კვლევების ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მას დანიშნულება მიცემული აქვს, რაც სრულდება, თანხმობას აცხადებს [...]

კვლევები ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც, რომ კვლევები კიდევ გაგრძელდეს და კონტროლის ქვეშ იყოს. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი ორგანიზმზე თავის ზეგავლენას ახდენს". - თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა,  შიმშილობს. ის საჭირო კვლევებისთვის საპატიმროდან კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.


"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გამოუშვეს და ხელახლა დააკავეს
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დაკავების შემდეგ, ამაღლობელს დგებუაძემ შეაფურთხა, სცადა, ფიზიკურად გასწორებოდა - საია
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები