საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილის 3 დეპუტატის თქმით, ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფს ქმნიან

ივანიშვილის დეპუტატების: ვარლამ ლიპარტელიანის, ილია ინჯიასა და ნიკა ელისაშვილის თქმით, ისინი უმრავლესობას ტოვებენ და ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფს ქმნიან.

"3 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საპარლამენტო მანდატები შეუწყდათ. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდეს - როცა საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციისა და სიძულვილის გაღვივებით, არამედ რეალურ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკითა და ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვასა და სწრაფ განვითარებას ემსახურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ, პარტია ევროპელი სოციალისტების ბაზაზე ოპოზიციური, საპარლამენტო, პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ [...] კოლეგიალობის პრინციპი სრულად დავიცავით და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობის წევრებს ვაცნობეთ [...] ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება არ დავუშვათ. ამასთან ერთად, ჩვენს მისიას ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში ვხედავთ, რომელიც მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს". - თქვა ილია ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

იქამდე, 2024 წლის დეკემბერში, ანალოგიური განცხადება გააკეთეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმაც. გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ხალხის ძალამ უმრავლესობა დატოვა და პარლამენტში საქმიანობას ოპოზიციურ ჯგუფად აგრძელებენ.

კომენტარები