საქართველოს პარლამენტი

მაჭარაშვილი: ხალხის ძალამ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა

ხალხის ძალის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მისმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა  დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა და ამით "სათავე დაუდონ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას". 

"სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას და ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, ხალხის ძალამ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ მოსახლეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც, სამწუხაროდ, დავიწყებული აქვთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის" - მაჭარაშვილის კომანტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ მათ ქართულ ოცნებასთან პრინციპული შეუთავსებლობა არ აქვთ. 

"ორ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც ჩვენ დავტოვეთ პარტია ქართული ოცნება, ბევრი კითხვა ჩნდებოდა, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ იმუშავა და თან ძალიან ძლიერად. ამიტომ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ პარტია ხალხის ძალა აუცილებლად შექმნის იმ პოლიტიკურ პლატფორმას, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც იქნება ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში" - თქვა მაჭარაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ქართული ოცნების წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი სწორედ ხალხის ძალის წარმომადგენელია. 

კომენტარები