აშშ-საქართველო

ზურაბიშვილი: საქართველო ამერიკის დიდი წარმატება ან დიდი პრობლემა შეიძლება იყოს

Fox News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში პრორუსული მთავრობა აშშ-ს სტრატეგიული ინტერესებს დააზიანებს. მისივე თქმით, "ხვალ საქართველო ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა შეიძლება იყოს" და საქართველოს "სჭირდება ამერიკა, მაგრამ" ის ამერიკასაც სჭირდება. 

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთს კავკასიის რეგიონში დომინირება სურს. მისივე თქმით, რუსეთი ქვეყნების მიმართ ახალ სტრატეგიას ცდის, რაც არჩევნების გაყალბებასა და მარიონეტული რეჟიმის დანიშვნას გულისხმობს.

"'ხვალ საქართველო ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა შეიძლება იყოს კავკასიის რეგიონში, რომელზეც დომინირება რუსეთს ყოველთვის სურს. ეს  რუსეთის იმპერიების, შემდგომ საბჭოთა კავშირისა და ახლა რუსეთის მუდმივი სურვილი იყო.

რუსეთი ახალ სტრატეგიას ცდის საქართველოსთან, შემდგომ ასევე  რუმინეთთან, მოლდოვასთან და სხვა ქვეყნების მიმართ, რაც ამ ქვეყნებში გაყალბებული არჩევნებისა და მარიონეტული რეჟიმების დანიშვნის გზით გამარჯვების მოპოვებას გულისხმობს და არ ადარდებთ დემოკრატია, კონსტიტუცია, უბრალოდ ერთგული რეჟიმის ყოლა ადარდებთ. 

ეს იქნება კითხვა შემდეგი ადმინისტრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარეს იდგა, საქართველო ამერიკის დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები იყო, რადგან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, ენერგეტიკისა და ვაჭრობის მარშრუტებს, მარშრუტს ცენტრალურ აზიამდე და არის ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად დემოკრატიისა და საერთო ღირებულებების საყრდენი იყო - საქართველო ერთ-ერთი უძველესი [ქრისტიანული სახელმწიფოა], სომხეთთან ერთად - ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ უძველესი, ისინი ამბობენ, რომ ისინი არიან უძველესი, მაგრამ ორივე უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოები ვართ მსოფლიოში და ეს ძლიერად გვაკავშირებს. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის საყრდენი ამ ფართო რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით". - თქვა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს დაკარგვის შედეგად აშშ-სთვის წარმოქმნილი რისკების შესახებ ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოში რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაახლოებული რეჟიმის არსებობა არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ შავ ზღვაში აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის. ზურაბიშვილის თქმით, შავი ზღვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და რუმინეთსა და მოლდოვაში არჩევნების გაყალბების მცდელობის მთავარი სამიზნე იყო. 

"კავკასიის ცენტრალურ რეგიონში ამერიკის სტრატეგიული ინტერესების დაკარგვაა, და ეს მხოლოდ კავკასიას არ ეხება, არამედ შავ ზღვასაც. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის სამიზნე ასევე შავი ზღვაა და არჩევნების გაყალბების მცდელობები რუმინეთსა და მოლდოვაში ასევე შავი ზღვის ინტერესია რუსეთისთვის და ის ასევე ძალიან სტრატეგიული ზღვა არის აშშ-ს ინტერესებისთვისაც. 

შავ ზღვაში დიდი პორტები გვაქვს, რომლებიც შეიძლება ჩინეთს გადაეცე - ეს არის ის, რაც ამ, ვიტყოდი, დე ფაქტო მთავრობის გეგმები შედის, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ამიტომ, ამ რეგიონში აშშ-სა და ევროპის მსხვილი ინტერესები დგას სასწორზე". - თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები