ხანძარი ლოს-ანჯელესში

უკრაინა აშშ-ს ლოს-ანჯელესში ხანძართან გასამკლავებლად 150 მეხანძრის გაგზავნას სთავაზობს

ფოტო ვიდეომიმართვიდან

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზად არის, რომ აშშ-ს ლოს-ანჯელესში ხანძართან გამკლავებაში დაეხმაროს და კალიფორნიაში 150 უკრაინელი მეხანძრის გაგზავნას სთავაზობს.

ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.

"დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩვენს დიპლომატებს დავავალე, რომ კალიფორნიაში ხანძრებთან ბრძოლაში ჩვენი მაშველების შესაძლო მონაწილეობისთვის მოემზადონ.

იქ ვითარება ძალიან რთულია და უკრაინელებს შეუძლიათ, ამერიკელებს სიცოცხლეთა გადარჩენაში დაეხმარონ.

ამჟამად ამის კოორდინირება მიმდინარეობს და ამერიკულ მხარეს ჩვენი დახმარება შესაბამისი არხებით შევთავაზეთ. ჩვენი 150 მეხანძრე უკვე მზად არის". - წერს ზელენსკი.

უახლესი მონაცემებით, ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 24-მდე გაიზარდა, დაკარგულია 16 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად, რომელიც უკვე ითვლება ლოს-ანჯელესის ოლქის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ხანძრად, სულ მცირე, 12 000 შენობა განადგურდა. კერძო მეტეოროლოგიური სამსახურის, Accuweather-ის წინასწარი შეფასებით, ხანძრების შედეგად გამოწვეული ფინანსური ზარალი 250 მილიარდ-275 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მასშტაბური ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ხანძარი 7 ნოემბერს, პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაიწყო, რომელიც სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარეობს. 

კომენტარები