ხანძარი ლოს-ანჯელესში

ლოს ანჯელესში ხანძრის ახალი კერის გამო 50 000-მდე პირმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო

მეხანძრეები ლოს ანჯელესში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან. ხანძარმა რამდენიმე საათში დაახლოებით 39 კვადრატული კილომეტრის ფართობი მოიცვა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

50 000-ზე მეტმა ადამიანმა ევაკუაციის ბრძანება და გაფრთხილება უკვე მიიღო.

ხანძარი, ოთხშაბათს, 22 იანვარს, ლოს ანჯელესის ჩრდილოეთით კასტაიკის ტბის მახლობლად გაჩნდა. 

კალიფორნიის სატყეო მეურნეობისა და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარმა, რომელიც ლოს-ანჯელესისა და ვენტურას ოლქებს შეეხო, 10,000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. 23 იანვრის, დილის მდგომარეობით, ხანძრის 14% ლოკალიზებულია. 

ლოს-ანჯელესის ოლქის სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა ენტონი მარონემ ოთხშაბათს საღამოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არცერთი კონსტრუქცია დაზიანებული ან განადგურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი 7 იანვარს, პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაიწყო, რომელიც სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად, რომელიც უკვე ითვლება ლოს-ანჯელესის ოლქის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ხანძრად, სულ მცირე, 12 000 შენობა განადგურდა. 

კომენტარები