თბილისის მერიის ცნობით, თავდაპირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს ჩვეული გრაფიკით იმუშავებდა - არასწორად გაავრცელეს და მეტროც და ავტობუსებიც 03:00 საათამდე იმუშავებს.
თავდაპირველად, სატრანსპორტო კომპანიაში ტაბულას განუცხადეს, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო გრაფიკი არ შეიცვლებოდა, გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელეს, რომ თბილისში 31 დეკემბრის ღამეს არ იმართება ღონისძიებები. შემდეგ სატრანსპორტო კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და მეტრო 02:00 საათამდე იმუშავებდა. მოგვიანებით, მერიამ დრო კიდევ ერთი საათით ჩაასწორა - 03:00 საათამდე.
"სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს.
გაცნობებთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება.
როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 𝟙-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 𝟟 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 𝟟 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება" - აცხადებს მერია.





