მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები სრულიად საქართველოს, მივესალმები ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მეგობრებო, დასრულდა გამოწვევებითა და პოლიტიკური ვნებათაღელვით სავსე 2024 წელი, ეს წელი ასევე დატვირთული იყო მნიშვნელოვანი გამარჯვებითა და წარმატებებით, ამიტომ მადლიერები ვაცილებთ ჩავლილ წელს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების, მეტი წინსვლისა და კეთილდღეობის იმედი.
ახლა, როდესაც ძველისა და ახლის გასაყართან ვდგავართ, რა შეიძლება ვისურვოთ ამ ყველაზე ჯადოსნურ წუთებში? მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონიერი, სწორი პოლიტიკა და, რაც მთავარია, ერთიანობა, გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო. ვისურვოთ, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს ინტერესებზე, მის ხვალინდელ დღეზე, ვისურვოთ არა დაყოფა, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ დგომა, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, რათა მივაღწიოთ ყველაზე მთავარ მიზანს: ქვეყნის გამთლიანებას. ამ იმედით გილოცავთ ახალ 2025 წელს.
ვულოცავ ჩვენს საყვარელ თბილისს, ვულოცავ მთელს საქართველოს, ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩვენს პატარებს, ჩვენ შვილებს, მომავალ თაობებს, ახალ წელს გამორჩეულად ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს და კიდევ ერთხელ მოწიწებით ვეუბნები მათ მადლობას სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის. ახალი წლის შემობრძანებას ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საზეიმო წუთებშიც კი ემსახურებიან საკუთარ საქმეს და ამით ემსახურებიან სახელმწიფოს, ჩვენს საამაყო პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, სამხედრო პერსონალს, ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს, ვინც ახლა საკუთრ მოვალეობას ასრულებს, ვულოცავ საჯარო მოხელეებს, რომელთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერ შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება და გაძლიერება.
მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს. დაე, იყოს მშვიდობა მთელს მსოფლიოში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში, ძალიან მიყვარხართ, ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი!





