საქართველო-უკრაინა

კობახიძე ამბობს, რომ მაიდნის დროს ემოციები "ხელოვნურად გამოიწვიეს"

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინულ საზოგადოებაში ევრომაიდნის დროს ემოციები ხელოვნურად "გარედან" გამოიწვიეს.

"როგორც შემოვიდა გარედან, სრულიად უცხო მოვლენა ქართული კულტურისთვის - ბოლშევიზმი და გაიდგა ფესვები, აი, ასე ხდება ზუსტად დღესაც, გარე დაფინანსება, გარე გავლენები, Deep State-ს გავლენები და ასე ხდება ხელოვნურად საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება. და იგივე ხდება, ხშირად მომყავს ხოლმე სლოვაკეთის მაგალითი, ჩართეთ რობერტ ფიცოს 10-წუთიანი ვიდეო, რა მექანიზმებითაც მუშაობს სლოვაკეთში ლიბერალური ფაშიზმი, ზუსტად იგივე მექანიზმები მოქმედებს საქართველოშიც.

ეს არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა, როგორც გამოიწვიეს ხელოვნურად მაიდნის დროს ემოციები უკრაინულ საზოგადოებაში - რა მოუტანა ამ ყველაფერმა უკრაინას. მაიდნამდე, 2013 წელს, უკრაინა იყო სახელმწიფო სუვერენიტეტით, ტერიტორიული მთლიანობით, ეკონომიკა ვითარდებოდა, თითქმის 200 მილიარდი იყო უკრაინის ეკონომიკა. სტანდარტული ტემპითაც რომ გაგრძელებულიყო განვითარება, მინიმუმ 400 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო დღეს უკრაინის ეკონომიკა, შეიძლება ნახევარ ტრიოლიონსაც მიეღწია. დღეს უკრაინას დაკარგული აქვს ტერიტორიების 20%, ასეთ მძიმე ვითარებაში მთლიანობაში მორღვეულია სუვერენიტეტი, აქვს უმძიმესი ვითარება ეკონომიკის კუთხით, 400 მილიარდს ვინ ჩივის, 200-ზე ბევრად უფრო ნაკლებია დღეს ეკონომიკა" - ამბობს ივანიშვილის პრემიერი.

კობახიძისვე თქმით, "ეს არის, რასაც იწვევს ხოლმე გარედან ხელოვნურად დალაგებული ემოციები. როგორი ხელოვნურიც იყო ემოციები მაიდნის დროს, ასეთივე ხელოვნური იყო საქართველოშიც. ეს არის კოორდინირებული მოქმედება, რისი მიზანიც არის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურად გავრცელება ქვეყანაში, მერე მიზანია ქვეყნის არევა, ხელისუფლების შეცვლა, აგენტურის დასმა და ამ აგენტურის დასმის შედეგები რაც არის სხვა ქვეყნებში, ვნახეთ."

კომენტარები