უიღურების შეიარაღებული დაჯგუფება, თურქესტანის ისლამური პარტია (TIP), რომელმაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობაში მონაწილეობა მიიღო, ჩინეთს ემუქრება.
უიღურულმა დაჯგუფებამ გასულ დღეებში აქტიურად დაიწყო ჩინეთისადმი მუქარის შემცველი ვიდეოების გამოქვეყნება. ისინი პეკინს 8 დეკემბერს, ასადის რეჟიმის დამხობის დღეს დაემუქრნენ. გავრცელებულ ვიდეოში ჩანდნენ დაჯგუფების მძიმედ შეიარაღებული მებრძოლები.
"ახლა აქ, სირიაში, ყველა ქალაქში ვიბრძვით ალაჰისთვის და მომავალში გავაგრძელებთ ამას ჩვენს ურუმჩიში, აქსუსა და ქაშგარში. ჩვენ განვდევნით ჩინელ ურჯულოებს. ჩვენ ვიბრძოლეთ ჰომსში, იდლიბში და გავაგრძელებთ ბრძოლას აღმოსავლეთ თურქესტანში. ალაჰმა აქ გამარჯვება გვარგუნა. დაე, მან მოგვიტანოს გამარჯვება ჩვენს მიწაზეც." – ამბობდა ერთ-ერთი შეიარაღებული პირი ვიდეომიმართვაში.
ურუმჩი, აქსუ და ქაშგარი ჩინეთში, სინძიანის რეგიონში მდებარე ქალაქებია. აღმოსავლეთ თურქესტანი კი არის სახელი, რომელსაც უიღურები ამ ტერიტორიას ეძახიან. სინძიანი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე უიღურული ავტონომიური რაიონია. უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდება ცნობები ამ რეგიონში ეთნიკურად უიღურების უფლებების სასტიკი დარღვევების შესახებ. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.
უკვე ათ წელზე მეტია, რაც TIP-ი სირიაში ჰაიათ თაჰრის ალ-შამის (HTS) რიგებში იბრძვის. HTS-ი ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა.
ბოლო კვირების განმავლობაში TIP-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა დაჯგუფების ძალების დამასკოში ტანკებით შესვლა, მათი საბრძოლო მოქმედებები და შეიარაღებული მებრძოლები. ერთ-ერთ ვიდეოში გამოჩნდა დაჯგუფების სამხედო მეთაურიც, აბუ მუჰამედიც. ეს TIP-ისთვის უჩვეულო ონლაინაქტიურობაა.
ვიდეოების მიხედვით, დაჯგუფების მებრძოლები შევიდნენ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ლათაკიასა და ტარტუსში. ორივე ქალაქში რუსული სამხედრო ობიექტები მდებარეობს.
"მრავალი ჯგუფი გაერთიანდა ჩვენს წინააღმდეგ. მოვიდა რუსეთი, ირანი, ჰეზბოლა, ძლიერი იარაღებითა და მრავალი სახის ჯარისკაცებით. თუმცა, ალაჰია მოწმე, რომ ჩვენ უკან არ დაგვიხევია... ალაჰის დახმარებით, ჩვენ ბრძოლით აქამდე მოვედით. ერთხელაც არ გამოგვიჩენია სისუსტე ან შიში. არასდროს შეგვშინებია." - ნათქვამი იყო 8 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეოში.
დაჯგუფება 1990-იან წლებში დაარსდა. წარსულში ისინი თავს აფარებდნენ ავღანეთსა და პაკისტანს. როგორც ირწმუნებიან, მათი მიზანი უიღურების დამოკიდების მოპოვება და "ჩინეთის ოკუპაციისგან აღმოსავლეთ თურქესტანის მუსლიმთა გათავისუფლებაა".
TIP-ის ე.წ. ამირამ, აბდულ ჰაკ ალ-თურქესტანიმ 6 დეკემბერს, როცა სირიელი მეამბოხეები წინ მიიწევდნენ, გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო დაჯგუფის გეგმებზე, მომავალში თავს დასხმოდნენ ჩინეთს.
ჩინეთს წლების მანძილზე ბრალად ედება სინძიანის პროვინციაში მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სპეციალურ "საგანმანათლებლო" ბანაკებსა და ციხეებში მოთავსება, სადაც მათი უფლებები უხეშად ირღვეოდა.
ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია.
ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. გარდა ამისა, ხშირი იყო არაადამიანური მოპყრობის, იძულებითი შრომისა და წამების შემთხვევებიც.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ევროპის ქვეყნების ნაწილმა ჩინეთის მიერ სინძიანში უიღურების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადეს.
ოფიციალური პეკინი უარყოფს ბრალდებებს და აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებას "ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას" და საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ-მ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.