საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულებთან შესახვედრად ევროკავშირის სახელით ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.
ბარომ დამასკოში ჩასვლის შემდეგ საფრანგეთის საელჩოში ჟურნალისტებთან საუბრისას “სუვერენული, სტაბილური და მშვიდობიანი” სირიის შესახებ იმედები გამოთქვა. მისივე თქმით, ეს ასევე არის “იმედი, რომ ყველა სირიელის მისწრაფებები შეიძლება შესრულდეს”, თუმცა “მყიფე იმედია”.
ვიზიტამდე ბერბოკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მისი და ბაროს ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან “ნათელი გზავნილია” სირიისთვის, რომ “ევროპასა და სირიას, გერმანიასა და სირიას შორის პოლიტიკური გადატვირთვა შესაძლებელია”.
ბერბოკი წერს, რომ სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები “გაშლილი ხელით” მიდიან. გერმანიის საგარეო მინისტრის თანახმად, ახლა სირიის მიზანია, რომ კვლავ საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრი გახდეს.
“ჩვენ ახლა გვაქვს მიზანი, რომლისკენაც მილიონობით სირიელიც ისწრაფვის: რომ სირია კვლავ გახდეს საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრი”. - თქვა ბერბოკმა.
ბერბოკმა თქვა, რომ ის და ბარო სირიაში ამბოხებულების მიმართ “ნათელი მოლოდინების” გამოსათქმელად ჩავიდნენ. მისივე თქმით, ახალი მმართველები ქმედებებით შეფასდებიან.
“ვიცით, საიდან მოდის ჰსთ იდეოლოგიურად, რა გაუკეთებია წარსულში. [...] მაგრამ ასევე გვესმის და ვხედავთ ზომიერებისა და გაგების სურვილს სხვა მნიშვნელოვან აქტორებთან მიმართებით”. - თქვა ბერბოკმა.
ბერბოკმა ამბოხებულებს მოუწოდა, რომ “მოსახლეობის შიგნით ჯგუფების წინააღმდეგ შურისძიებისგან” თავი შეიკავონ და თავი აარიდონ არჩევნებამდე დროის დაყოვნებასა და სასამართლო და განათლების სისტემების ისლამიზაციას.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
- Reuters: ასადი დამასკოდან გაიქცა, სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შედიან
- რუსული მედია: ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა
ინტერვიუში შარაამ განაცხადა, რომ HTS, რომელიც წარსულში ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" და ალ-კაიდასთან იყო კავშირში, ხოლო გაეროსა და მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, მომავალი ეროვნული დიალოგის კონფერენციაზე "დაიშლება".
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.