უკრაინული დელეგაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას ხელმძღვანელობით სირიელი ამბოხებულების ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინულ დელეგაციაში უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური წარმომადგენელი შედიან.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
- Reuters: ასადი დამასკოდან გაიქცა, სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შედიან
- რუსული მედია: ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა
ინტერვიუში შარაამ განაცხადა, რომ HTS, რომელიც წარსულში ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" და ალ-კაიდასთან იყო კავშირში, ხოლო გაეროსა და მრავალი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, მომავალი ეროვნული დიალოგის კონფერენციაზე "დაიშლება".
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.