გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, სირიელი ამბოხებულები ამბობენ, რომ ქვეყნის დედაქალაქ დამასკოში შესვლა დაიწყეს. მათი თქმით, დედაქალაქის შესასვლელებთან სამხედრო შენაერთების განლაგებები არ შეინიშნება.
ამასთანავე, Reuters-ი საკითხში გარკვეულ ორ სირიელ სამხედრო ოფიცერზე დაყრდნობით წერს, რომ ბაშარ ალ-ასადი თვითმფრინავით უცნობი მიმართულებით გაემგზავრა.
"ჩვენ აღვნიშნავთ სირიელ ხალხთან ერთად ჩვენი პატიმრების გათავისუფლებისა და მათი ბორკილების მოხსნის ცნობას და ვაცხადებთ სედნაიას ციხეში უსამართლობის ეპოქის დასასრულს". - თქვეს ამბოხებულებმა.
რამდენიმე საათის წინ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS News-თან განაცხადეს, რომ ამბოხებულების მიერ დამასკოს გარეუბნების აღება უკვე დაწყებულია, რასაც ღია წყაროებიც ადასტურებენ.
ამასთანავე, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რომელიც წარსულში აბუ მუჰამედ ალ-გოლანის ზედმეტსახელით იყო ცნობილი, გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ აჯანყებულებმა ქალაქი ჰომსი დაიკავეს.
ჰომსის გარდა, სირიელმა ამბოხებულებმა ასევე სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც, მათ შორის ალეპო და ჰამაც აიღეს. აჯანყებულთა ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის თქმით, 24 საათში ოთხი ქალაქის დაკავება შეძლეს: დარაას, ელ-კუნეიტრა, სუვაიდა და ჰომსი, ახლა კი მათი სამიზნე დედაქალაქი დამასკოა. მისივე თქმით, მათი ძალები დამასკოს რეგიონში ბრძოლას განაგრძობენ.
ასადის ძალების მიერ ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, სამთავრობო ძალების მთავარ დასაყრდენ ადგილად ქვეყნის დედაქალაქი რჩებოდა.
ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს.
ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულებმა მოქმედებები გააგრძელეს. ვრცელდება ცნობები, რომ რუსული ძალები ქვეყანას ნელ-ნელა ტოვებენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.