სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ძალების თქმით, "თავისუფალმა სირიელმა ხალხმა ბაშარ ალ-ასადი დაამხო". ინფორმაციას Al Jazeera-ს სირიული რედაქცია ავრცელებს.
ამასთანავე, არაბულენოვანი მედია Al-hadath-ის ცნობით, სირიის არმიის სარდლობამ თავის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ასადის რეჟიმის დამხობის შესახებ აცნობა.
მანამდე, გამოცემა Reuters საკითხში გარკვეულ ორ სირიელ სამხედრო ოფიცერზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაშარ ალ-ასადი თვითმფრინავით უცნობი მიმართულებით გაემგზავრა. პარალელურად, Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროს ქალაქში ამბოხებულები უკვე შედიოდნენ, რასაც ღია წყაროებიც ადასტურებს.
7 დეკემბერს ასადის ძალებმა ჰომსი დაკარგეს, ხოლო წინა დღეებში ამბოხებულებმა ასევე სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც, მათ შორის ალეპო და ჰამაც აიღეს. აჯანყებულთა ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის თქმით, 24 საათში ოთხი ქალაქის დაკავება შეძლეს: დარაას, ელ-კუნეიტრა, სუვაიდა და ჰომსი, ახლა კი მათი სამიზნე დედაქალაქი დამასკოა. მისივე თქმით, მათი ძალები დამასკოს რეგიონში ბრძოლას განაგრძობენ.
ასადის ძალების მიერ ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, სამთავრობო ძალების მთავარ დასაყრდენ ადგილად ქვეყნის დედაქალაქი რჩებოდა.
ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს.
ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულებმა მოქმედებები გააგრძელეს. ვრცელდება ცნობები, რომ რუსული ძალები ქვეყანას ნელ-ნელა ტოვებენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.