სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ მმართველი პარტია, სერბული პროგრესული პარტია (SNS) ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონს მხარს არ დაუჭერს. კანონპროექტი პარლამენტში მმართველი კოალიციის წევრმა, სოციალისტების მოძრაობამ წარადგინა, რომლის ლიდერიც, ალექსანდრ ვულინი ქვეყნის ვიცეპრემიერია.
ამის შესახებ ვუჩიჩმა მოქალაქეებისთვის მიმართვისას ისაუბრა.
"რიგი მიზეზების გამო, მხარს არ დავუჭერთ კანონპროექტს, რომელიც ჩვენი პარტნიორის, ალექსანდრ ვულინის დეპუტატებმა წარადგინეს. მართალია, სერბეთის პროგრესულ პარტიის ფრაქციაში მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ აქ (რედ. - კანონში) არის კარგი ელემენტები ამერიკული, დასავლეთ ევროპული და რუსული კანონმდებლობებიდან, რომელთა მიღებაც შეიძლება, თუმცა ჩემი პასუხია - არა". - თქვა ვუჩიჩმა.
მიუხედავად ამისა, ვუჩიჩი ირწმუნება, რომ სერბეთში "უცხოეთიდან 426 მილიონი ევრო" გადაეცემათ ჯგუფებს, "რომლებმაც ზეწოლის მეშვეობით" ძალაუფლება უნდა დაამხონ.
"უცხოეთიდან 426 მილიონი ევრო პირდაპირ გადაეცემათ ჯგუფებს, რომლებმაც ზეწოლის მეშვეობით უნდა შეცვალონ სერბეთზე წარმოდგენა, ქვეყანაში ატმოსფერო და ძალაუფლების დამხობაში მონაწილეობა უნდა მიიღონ. ისინი, თავისთავად, ამბობენ, რომ ეს დემოკრატიზაციის პროექტია, თუმცა ყველასთვის ყველაფერი სრულად ნათელია". - თქვა ვუჩიჩმა.
ნოემბრის ბოლოს სერბეთის პარლამენტში კოალიციაში შემავალი პროსახელისუფლებო პარტიის, სოციალისტების მოძრაობის დეპუტატებმა ე.წ. უცხოური აგენტებზე კანონი წარადგინეს. მოძრაობის ლიდერი ქვეყნის ვიცეპრემიერი, ალექსანდრ ვულინია, რომელსაც გასულ წელს აშშ-მ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის, ნარკოტიკით ვაჭრობისა და დასავლეთ ბალკანეთში რუსული გავლენის ხელშეწყობის ბრალდებით სანქციები დაუწესა.
განხილული კანონპროექტით, პოლიტიკური აქტივობით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან ან სახელმწიფო სტრუქტურებისგან ფინანსდებიან, ვალდებულები იქნებიან, რომ სერბეთის იუსტიციის სამინისტროში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირდნენ.
ამასთან, კანონპროექტით ამგვარი ორგანიზაციები ვალდებულები იქნებიან, რომ ე.წ. უცხოური აგენტის სტატუსი ყველა საჯარო განცხადებაში მიუთითონ. რეგისტრაციისთვის თავის არიდების ან უცხოური აგენტის სტატუსის მიუთითებლობის შემთხვევაში, კანონპროექტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ფიზიკური პირებისთვის სისხლის სამართლის სასჯელს, ან 17 000 ევრომდე ღირებულების ჯარიმას ითვალისწინებს.
სოციალისტების მოძრაობის დეპუტატმა, ბოან ტორბიკამ თქვა, რომ სერბეთში არის ორგანიზაციები, "რომლებიც სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ღიად მუშაობენ". მისივე თქმით, სერბეთში დიდი ხანია მიმდინარეობს "უსარგებლო დისკუსია არასამთავრობო სექტორის მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ".
გარდა ამისა, ტორბიკამ და ვუჩიჩმა კანონპროექტი აშშ-ს მიერ 1938 წელს მიღებულ FARA-ს კანონს შეადარა. თუმცა, სერბეთის ოპოზიციის თქმით, ის უფრო მეტად რუსეთში მოქმედ კანონმდებლობასა და ქართული ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონს ჰგავს.
ამასთანავე, კანონპროექტს კრიტიკა ევროკავშირის მხრიდანაც მოჰყვა. ევროპულ ეკონომიკურ და სოციალური კომიტეტში განაცხადეს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოა და კანონპროექტი ქართული ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონს შეადარეს.
"ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სერიოზულ და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, საფრთხის წინაშე აყენებს მათ როლს დემოკრატიული ღირებულებების, ადმიანის უფლებებისა და ევროინტეგრაციის დაცვის მხრივ". - წერია კომიტეტის განცხადებაში.





