იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანა მზად არის, უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მიიღოს, თუ ომის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის კონტროლირებადი შეთანხმება მიიღწევა.
ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
"მზად ვართ, ეს როლი შევასრულეთ, როლი, რომლითაც ყოველთვის გამოვირჩეოდით, როგორც ერი". - აღნიშნა კროზეტომ.
თუმცა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მსგავს დისკუსიას ნაადრევს უწოდებს. მისი თქმით, მშვიდობის მისაღწევად ჯერ სამართლიანი შეთანხმების მიღწევა და ცეცხლის შეწყვეტისთვის რეალური საფუძვლის შექმნა არის აუცილებელი.
მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ევროპელი ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას განიხილავენ.
3 დეკემბერს რადიო თავისუფლება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმაზე მსჯელობდნენ. პარალელურად, ამავე დღეს NATO-ს მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. მოგვიანებით, ბერბოკის გადაწყვეტილებას გერმანული ოპოზიციის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ამ ეტაპზე "უპასუხისმგებლო" უწოდა.
9 დეკემბერს Bloomberg-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალების გაგზავნის განსახილველად უნდა შეხვედროდა.
ამავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ მაკრონის შეთავაზება „შეიძლება გაითვალისწინოს“, თუმცა მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების ნათელი თარიღის გაგების შემდეგ.
როგორც Wall Street Journal დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაკრონთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალების გაგზავნა ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ, აშშ-ს ჯარისკაცები კი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.