გამოცემა Washington Post-ის მოსაზრების ნაწილში დევიდ იგნატიუსი წერს, რომ სირიელმა ამბოხებულებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ დამასკო აიღეს და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხვეს, უკრაინისგან დრონები და სხვა სახის დახმარება მიიღეს.
იგნატიუსის თქმით, უკრაინული დაზვერვის აგენტების მიზანი, სირიაში რუსეთისთვის და მისი მოკავშირე ასადის რეჟიმისთვის ძირის გამოთხრა იყო. აღნიშნულ ინფორმაციას იგნატიუსი საზღვარგარეთ უკრაინის სამხედრო მოქმედებებში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, დაახლოებით 4-5 კვირის წინ უკრაინის დაზვერვამ იდლიბში მდებარე ამბოხებულების შტაბ ბინას დაახლოებით 20 გამოცდილი დრონის ოპერატორი და 150-მდე დრონი გაუგზავნა. ამ ნაბიჯის მიზანი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ჰაიათ თაჰრირ ალ-შამისთვის (HTS) დახმარების გაწევა იყო.
დასავლური დაზვერვის მიხედვით, უკრაინიდან გაგზავნილმა დახმარებამ მხოლოდ მცირე როლი ითამაშა პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდებაში, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ასახავს უკრაინის მცდელობებს, ხელი შეუშალოს რუსეთის მოქმედებებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც - ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და თავად რუსეთშიც.
მანამდე, 3 ივნისს, გამოცემა Kyiv Post-ს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) წყარომ განუცხადა, რომ "მიმდინარე წლიდან მოყოლებული, [სირიელმა] ამბოხებულებმა, უკრაინელი აგენტების დახმარებით, მრავალი დარტყმა მიაყენეს რუსეთის სამხედრო პუნქტებს რეგიონში".
გამოცემის თქმით, სირიაში აღნიშნული მოქმედებები, "სირიის ოპოზიციასთან თანამშრომლობით", GUR-ის "Khimik"-ის დანაყოფის მეშვეობით მოხდა.
თავის მხრივ, რუსი მაღალჩინოსნები წინა თვეებში სირიაში უკრაინულის პარამილიტარისტულ ქმედებებზე საუბრობდნენ. რუსეთის სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში სირიაში რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლავრენცევმა განაცხადა, რომ რუსეთი "ფლობს ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტები იდლიბის ტერიტორიაზე იმყოფებიან".
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმაც, როდესაც თქვა, რომ "უკრაინული დაზვერვის აგენტები" იდლიბში "ბინძურ ოპერაციებში" იყვნენ ჩართული.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ასადი ქვეყნიდან გაიქცა და მოსკოვში ოჯახთან ერთად ჩავიდა.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (HTS) ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.