რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. ტექსტში უწყება ადასტურებს, რომ ასადმა ქვეყანა დატოვა, თუმცა არაა ნათქვამი მისი ამჟამინდელი მდებარეობა.
ამას გარდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამჟამად სამოქალაქო ომის მონაწილე მხარეებს უკავშირდებიან.
"დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით სირიის დრამატულ მოვლენებს. ბ. ასადის მიერ სირიის არაბულ რესპუბლიკაში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი და დატოვა ქვეყანა, გასცა ბრძანება ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაზე. რუსეთი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. ამის მიუხედავად, ჩვენ ვუკავშირდებით ყველა ჩართულ მხარს მოწოდებით, უარი თქვან ძალადობაზე და მმართველობის ყველა საკითხი პოლიტიკური გზით გადაჭრან." - წერია განცხადებაში.
აქამდე მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავმა კურსს გადაუხვია და შესაძლოა ჩამოვარდა.
ასევე, განცხადებაში რუსული მხარე ირწმუნება, რომ სირიის ტერიტორიაზე მდებარე მათ ბაზებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, აღნიშნულია, რომ ეს ობიექტები გაზრდილი საბრძოლო მზაობის რეჟიმში არიან.
ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.
HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.