საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ქართული ოცნების მიერ EU-სთან მოლაპარაკების შეჩერება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან და საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის. მისივე თქმით, "ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია და გულსატკენია".
"მე ძალიან ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ჩვენი კარის გაღება. ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, როგორც მე მესმის, და ასევე ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას". - თქვა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.
ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებელია და თავად უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა ევროინტეგრაცია გააგრძელოს.
"რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება". - თქვა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ჰერჩინსკიმ ასევე გაიხსენა ევროკომისიის მაშინდელი და ახლანდელი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება, რომ "ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე". ჰერჩინსკის თქმით, ორი წლის განმავლობაში მის მუშაობას საქართველოში ეს სიტყვები წარმართავდა.
"მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა უფროსმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: "საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. ევროკავშირი არ იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე". ეს სიტყვები წარმართავდა ჩვენს მუშაობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს სიტყვები წარმართავდა ჩემს მუშაობას აქ, როგორც ევროკავშირის ელჩის, ორი წლის განმავლობაში". - თქვა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიხედვით.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა, დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა.
შემდგომ, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა.
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.