პრეზიდენტის არჩევნები

მიხეილ ყაველაშვილის პარტიის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები

საქართველოს მე-6 პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. მისი კანდიდატურა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან ყაველაშვილი პარტია ხალხის ძალის პოლიტიკური მდივანი, ხოლო 27 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია.

მოძრაობა ხალხის ძალა 2022 წელს ქართული ოცნებიდან წამოსულმა დეპუტატებმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ დააარსეს. მას შემდეგ მოძრაობა ანტიდასავლური და პროპაგანდისტული განცხადებებით გამოირჩევა.

2023 წელს ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს იგივე რუსულ კანონს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ 7-8 მარტს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები არაერთხელ დაარბიეს, დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი.

ხალხის ძალის დეპუტატებმა არაერთი განცხადება მიუძღვნეს "გლობალური ომის პარტიას". 2023 წლის 20 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ივანიშვილის დებუტატები წერდნენ, რომ "ომის პარტია საქართველოში მიზნების მისაღწევად აშშ-სა და EU-ს იყენებს".

2023 წლის 29 აპრილს ივანიშვილის დეპუტატები აშშ-ს სენატორის, ჯინ შაჰინისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ დასავლელი პარტნიორები უსამართლოდ ამტკიცებენ, რომ "საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტად მიდის ავტოკრატიისკენ". 

ხალხის ძალის თქმით, "უფროსი ძმა" ერთადერთს - უკრაინის ბედის გაზიარებას ითხოვს საქართველოსგან და კრიტიკა სწორედ იმას უკავშირდება, რომ საქართველოს მთავრობა ამ უკანასკნელს არ ასრულებს. 

2024 წლის 23 იანვარს ხალხის ძალამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის დეპუტატები მორიგ კონსპირაციულ თეორიას ავითარებდნენ და ამბობდნენ, რომ დასავლეთში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე აქტიურად მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ უკრაინა ომშია ჩაბმული.

ხალხის ძალის მტკიცებით, საჭიროა გამოძიების ჩატარება, 2008 წელს, პრეზიდენტი სააკაშვილიც რუსეთთან ომით დასავლელი ლიდერების "დაკვეთას" ხომ არ ასრულებდა. 

23 თებერვალს ხალხის ძალამ განაცხადა, რომ "ამერიკული ინტერესები ჩვენს ეროვნული ინტერესებს პრინციპულად არის აცდენილი" და საჭიროა, "ღიად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტ-პროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული".

13 მაისს ივანიშვილის პარტია საქართველოში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, გერმანიის ბუნდესტაგისა და ლიტვის სეიმი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტებს გამოეხმაურა და ქართულ ოცნებას მოუწოდა, განეხილა იმსახურებენ თუ არა აღნიშნული პოლიტიკოსები "ქვეყანაში შემოშვებას".

25 ივლისს ხალხის ძალის დეპუტატების მიერ აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენის შესახებ გაკეთებული განცხადებით, აღნიშნულმა დაადასტურა, რომ "იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა".

კომენტარები