ივანიშვილის დეპუტატები

აშშ-ს საელჩო ცდილობდა ენმ-ს დაბრუნებას და სასამართლოში შეღწევას – ივანიშვილის დეპუტატები

ივანიშვილის დეპუტატები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებენ და საელჩოს პარლამენტისთვის სასამართლო რეფორმის შესახებ წარდგენილი დოკუმენტის გამო აკრიტიკებენ. 

"ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

დავიწყებთ იმით, რომ დოკუმენტში სიტყვა "უნდა" 60-ჯერ არის გამოყენებული, ხოლო საელჩო პარლამენტს "რეკომენდაციას" კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ 9-ჯერ უწევს. უკვე ეს ფაქტიც აჩვენებს სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასეთ დოკუმენტს არა "რეკომენდაციები", არამედ მხოლოდ "ინსტრუქცია" შეიძლება ეწოდოს, რაც, სამწუხაროდ, საბჭოთა წარსულს გვახსენებს და შესაბამის მძიმე ასოციაციებს აღძრავს". – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

ივანიშვილის დეპუტატები წერენ, რომ საელჩოს შეუძლია გამოთქვას მოსაზრებები საქართველოს კანონმდებლობის შესახებ, თუმცა მათ მიზანშეწონილობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს. დეპუტატები ამგვარ პრაქტიკას მიუღებელს უწოდებენ.

"სამწუხაროდ, გასული წლების განმავლობაში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში უშუალოდ ისხდნენ და კანონშემოქმედებით პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. სუვერენულ სახელმწიფოში ასეთი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია, როგორი სტრატეგიულიც არ უნდა იყოს პარტნიორობა ორ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა სამომავლოდ მაინც აღიკვეთოს და კანონები, დემოკრატიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპების შესაბამისად, მხოლოდ იმ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლების მიერ დაიწეროს, რომლებსაც შესაბამისი ლეგიტიმაცია საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აქვთ მინიჭებული.

რადგან კონსტიტუციაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე აღვნიშნავთ, რომ საელჩო საქართველოს პარლამენტისგან ხუთი კონსტიტუციური ნორმის შეცვლას ითხოვს. ამასთან, საუბარია ნორმებზე, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული. ესეც არის სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინება. კონსტიტუციის სტაბილურობა სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. როდესაც საელჩო გამუდმებით ცდილობს, საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აიძულოს, ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ საელჩოსთვის სახელმწიფოს სტაბილურობის შესუსტება ერთგვარი თვითმიზანია". – აცხადებენ დეპუტატები.

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს საელჩოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში წარდგენილ ინსტრუქციებს "აბსურდულს" უწოდებენ.

დეპუტატების ცნობით, საელჩოს ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე წევრთა 2/3-მა, ისე არამოსამართლე წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს.

"პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს. საზოგადოებას მარტივად რომ განვუმარტოთ, ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში, ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების  არჩევასა და დანიშვნაზე. ვერცერთი მოსამართლე ვეღარ აირჩევა ან დაინიშნება ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მისთვის სასურველი მოსამართლეების შეყვანას შეძლებს. რას ნიშნავს საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული მოსამართლეები, ეს 2004-12 წლებში საზოგადოებამ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნია და ამის გამეორება დაუშვებელია". – წერენ პარლამენტის წევრები.

დეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ საელჩოს მიერ შეთავაზებული სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას.

"სწორედ ამ მიზეზების გამო, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არა აქვს. ასეთ პირობებში, რატომ იძლევა საელჩო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის შემოღების ინსტრუქციას, ვფიქრობთ, არცთუ რთული გამოსაცნობია". – წერენ დეპუტატები.

პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საელჩოს მესამე ინსტრუქცია, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე – ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული, "სრულიად გამაოგნებელია".

"საელჩო, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას აფერხებს და მეორე მხრივ, ისეთი მოსამართლის უვადოდ განწესებას ითხოვს, რომელიც სასამართლოში საქმეების დროულ განხილვას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში კოლაფსის შექმნას საელჩო, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად ახორციელებს". – აცხადებენ დეპუტატები.

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი განცხადებაში საუბრობენ აშშ-ს საელჩოს მიერ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე მიმდინარე "ზეწოლაზე". მათი განცხადებით, ეს ადასტურებს "დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია".

"საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება". – წერენ დეპუტატები.

განცხადების ბოლოს ივანიშვილის დეპუტატები ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს, თომას ილვესს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლობისტს უწოდებენ და მათ "ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალ ხაზში" ჩართვაში ადანაშაულებენ

"შეგახსენებთ, რომ ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაზე საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ საელჩოსთვის ნიღბის ჩამოხსნამ და სიმართლის თქმამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანამ შესაბამისი რისკები აიცილოს თავიდან". – ნათქვამია ივანიშვილის დეპუტატების განცხადებაში.

კომენტარები