ხალხის ძალა

ხალხის ძალა: გლობალური ომის პარტია საქართველოში მიზნების მისაღწევად აშშ-სა და EU-ს იყენებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი / 1tv.ge

ქართული ოცნებას ფორმალურად გამოყოფილი ხალხის ძალა მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სურთ, რომ საზოგადოებას შეახსენონ "მშრალი ფაქტები გლობალური ომის პარტიის შესახებ". 

"საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ მშრალი ფაქტები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოში თავისი მიზნების მისაღწევად ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს იყენებს:

- აფინანსებს სირცხვილიას, დროას, ფრანკლინის კლუბს და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს;

- ანუ პირდაპირ და თავხედურად აფინანსებს პოლარიზაციას - როცა ამბობ, რომ პოლარიზებულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ მიცემ და თან პოლარიზაციას აფინანსებ, კარგად ჩანს, რომ კანდიდატის სტატუსს, როგორც ერთმა კოლეგამ თქვა, მხოლოდ ანკესის კაუჭზე წამოცმული ჭიასავით იყენებ;

- პირდაპირ აფინანსებს ლიბერალურ ფაშიზმს, როგორც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მთავარ ინსტრუმენტს". - ნათქვამია ხალხის ძალის განცხადებაში.

ივანიშვილის დეპუტატების მორიგ წერილში ასევე ნახსენებია საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ანტიდასავლური ძალის განცხადებით, "გლობალური ომის პარტია - ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნაციონალ ნინო ლომჯარიას ბრეჟნევივით კიდებს ორდენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით".

ხალხის ძალა ასევე შეეხო რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დედაქალაქში, ისინი ამბობენ, რომ რეალურად "იმის შიშით, რომ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონმა პოლარიზაციისა და ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსება შეიძლება გააშიშვლოს, აგენტურის მეშვეობით აორგანიზებს პროტესტს ამ კანონის წინააღმდეგ".

ივანიშვილის დეპუტატები ასევე შეეხნენ კანდიდატის სტატუსის არმიღების საკითხს. მათი აზრით, ეს უსამართლო ქმედება იყო, რაც შემდგომში ანტისახელისუფლებო მიტინგების მხარდაჭერაში და რიგი რეზოლუციების დამტკიცებაში გამოიხატა.

"უსამართლოდ არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს და ღია მხარდაჭერას უცხადებს ამ უსამართლობაზე დაფუძნებულ მიტინგებს მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სცენაზე გამოყავს მის მიერ ყველაზე გულუხვად დაფინანსებული ენჯეოები;

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის ხელისუფლების რესურსებით, საქართველოში ჩამოყავს მთავარი მაპოლარიზებელი, მიხეილ სააკაშვილი;

- ევროპარლამენტს 400-500 ხმით ამტკიცებინებს რეზოლუციებს, რომლებითაც ითხოვს ორი მთავარი მაპოლარიზებლის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას;

- იმავე რეზოლუციებით ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რომლის ფაქტორი საქართველოში პოლარიზაციის წარმატების პრევენციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს". - ვკითხულობთ ხალხის ძალის განცხადებაში.


ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ 7-8 მარტს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები არაერთხელ დაარბიეს, დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი.

9 მარტს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდა, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ოფიციალურად ჩააგდო.

კომენტარები