მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ იზოლატორი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ დღეს დატოვეს. ისაკო დევიძე სხვა დაკავებულებისადმი სოლიდარობის ნიშნად იზოლატორში 8 დღე შიმშილობდა.
"დაკავებული ვიყავი აქციის მსვლელობისას, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დამაკავეს, როგორც დანარჩენები. გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად, დანარჩენი დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად მქონდა შიმშილობა გამოცხადებული. ქართული სასამართლოს სისტემა არ უნდა იყოს სახლი უსამართლობისთვის", - თქვა ისაკო დევიძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
შსს ისაკო დევიძესა და დავით წოწორიას წვრილმა ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
"ნიღბიანებმა ჩაგვიარეს ყოველგვარი აგრესიის გარეშე, გავაფრთხილე კიდევაც ახალგაზრდებია და ცოტა ფრთხილად მეთქი. მერე ვიღაც უნიღბოები მოდიოდნენ, რომელმაც შემომხედა და ვიღაცას გადასცა დააკავეთ ესო. იმან რომ დამაკავა, მაღაზიის წინ ვიდექი და გამიშვა, წადი, წადიო. რომ დამინახეს, ხომ გითხარით დააკავეთო და დამაკავეს. ერთმა შემადგენლობამ გადამცა მეორეს, მეორემ მესამეს და ბოლოს ჩამაბარეს მეოთხე შემადგენლობას. [...] სასამართლო თავიდან ბოლომდე არის ფარსი. შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩემზე ჯარიმები არ მოქმედებს მსუსხავი სახით და პატიმრობა იმოქმედებდა", - თქვა დავით წოწორიამ.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ სულ 16 ადამიანი დააკავა.





