ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას აშშ-ს მიერ გაცემული დაახლოებით 4.65 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გაუნულდება. ამის შესახებ 21 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
აშშ-ს კონგრესის მიერ მიმდინარე წლის აპრილში მიღებული კანონპროექტი უკრაინის დაფინანსების შესახებ დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მოიცავდა, რომლის ნახევარი მოქმედ პრეზიდენტს შეეძლო, 15 ნოემბრის შემდეგ გაეუქმებინა. აპრილის კანონპროექტის ფარგლებში უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ს ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 60 მილიარდი დოლარი გამოიყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სესხის გაუქმება, "შესაბამისად, უკრაინის გამარჯვების ხელშეწყობა, შედის როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის, G7-ისა და NATO-ს წევრი მოკავშირე სახელმწიფოების ინტერესებში".
როგორც გამოცემა Bloomberg წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება სესხის გაუქმების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილია, "კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს კიევს, სანამ [აშშ-ს ყოფილი და არჩეული პრეზიდენტი] დონალდ ტრამპი იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდება". ტრამპს უთქვამს, რომ მისი პრიორიტეტი რუსეთისა და უკრაინის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროული დაწყებაა, რამაც კიევის მხარდამჭერებს ეჭვები გაუჩინა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ტრამპმა შესაძლოა, უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტოს.
სესხის ნაწილის გაუქმების გადაწყვეტილებას აშშ-ს რესპუბლიკელები კრიტიკით შეხვდნენ. კენტუკის რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა ცოტა ხნის წინ X-ზე დაწერა, რომ ის შეეცდება სენატში მხარდაჭერა მოიპოვოს, რათა "შეაჩეროს ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც უკრაინის სესხის გადახდის ვალდებულებას ამერიკელ ხალხს აკისრებს".
პოლის რეზოლუციის მისაღებად კონგრესის ორივე პალატის - წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, როგორც გამოცემა Bloomberg წერს, ნაკლებსავარაუდოა, რომ კონგრესში პოლის რეზოლუციას მიიღებენ, ვინაიდან სენატს ამჟამად დემოკრატები აკონტროლებენ. პოლის რეზოლუცია ასევე შესაძლებელია გაუქმდეს პრეზიდენტი ბაიდენის ვეტოთი.
მილერმა პრესბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაიდენი კანონის შესაბამისად მოქმედებს, როდესაც იყენებს უფლებას, გააუქმოს უკრაინისადმი გაცემული სესხის 50%.





