არჩევნები 2024

თოლორაია: დამიბარეს პროკურატურაში, გამოკითხვაზე მისვლას არ ვაპირებ

ლონდა თოლორაია

სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმის დამფუძნებელი, ლონდა თოლორაია წერს, რომ პროკურატურა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იბარებს. თოლორაიას გავრცელებული პოსტის მიხედვით, ის გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. 

"წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით:

პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე;

პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე;

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;

ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე.

ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით.

დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა - ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში" - წერს თოლორაია. 

პროკურატურაში არჩევნების სავარაუდო სქემაზე დაიბარეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილიც. 

არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში 30 ოქტომებრს დაიბარეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. 

29 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას წინადადებით მიმართა, რომ დაწყებულიყო გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა "დაინტერესებული პირების" მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია. ცესკოს თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, "ითანამშრომლოს გამოძიებასთან" და მიაწოდოს მის ხელთ არსებული "საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია". 

30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი  31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაიბარა.

"ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები