ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას წინადადებით მიმართა, დაიწყოს გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა "დაინტერესებული პირების" მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია. ცესკოს თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, "ითანამშრომლოს გამოძიებასთან" და მიაწოდოს მის ხელთ არსებული "საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია".
"იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია". - წერია ცესკოს განცხადებაში.
საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების გამოცხადების შემდეგ ორგანო "განსაკუთრებული თავდასხმისა" და "უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა".
"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო". - ასე ხსნის ცესკო პროკურატურასთან მიმართვას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.





