არჩევნები 2024

პრეზიდენტი: თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩემენტის კენჭისყრის დღეს პარლამენტში
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

სალომე ზურაბიშვილი პროკურატურას პასუხობს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები თავად საგამოძიებო უწყებამ უნდა მოიპოვოს და ამას საქართველოს პრეზიდენტისგან არ დაელოდოს.

ზურაბიშვილმა ბრიფინგი იმ ვიდეოების ჩვენებით დაიწყო, სადაც სხვადასხვა შესაძლო საარჩევნო დარღვევა არის ასახული.

"აგერ არის ის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება, ეს არის ის კადრები, რასაც არც ახსნა და განმარტება სჭირდება, პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები ბატონებო, თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ისე ვიცოდი, რომ პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, თქვენც ასე იცით ხომ? ნებისმიერი ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა მოვდიოდი და მოვუსმინე ბორელს. მე მგონი, ბორელსაც უნდა კითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაც არის აღნიშნული უცხოური მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე." - ამბობს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის ბრიფინგამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში "სერიოზული დარღვევები აღინიშნება".

ზურაბიშვილის თქმით, ცესკოს რეალური დისკრედიტაცია არჩევნების გაყალბების ფაქტების დადასტურება იქნება.

"პროკურატურა კიდევ უფრო უცნაურია ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს, თურმე ცესკო შეურაცხყოფილია, თურმე მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რატომ დისკრედიტაცია არ ვიცი, ეს არის ფაქტები, ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ, უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა და ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მერე... მოქალაქეები არიან ჩართული ამ მტკიცებულებების მოგროვებაში, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევებისა და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება ან პროკურატურას, ან საერთაშორისო გამოძიებას." - განაცხადა პრეზიდენტმა.


29 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას წინადადებით მიმართა, რომ დაწყებულიყო გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა "დაინტერესებული პირების" მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია. ცესკოს თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, "ითანამშრომლოს გამოძიებასთან" და მიაწოდოს მის ხელთ არსებული "საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია". 

30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი  31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაიბარა.

"ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები