რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ გუტერეშს BRICS-ის სამიტზე დასწრების შემდეგ უკრაინაში ვიზიტზე უარი უთხრა

ანტონიო გუტერეში და ვლადიმირ პუტინი BRICS-ის სამიტზე, 2024 წლის 24 ოქტომბერი 
Photo: Associated Press

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს უკრაინაში ვიზიტზე უარი უთხრა. ინფორმაციას გამოცემა AFP ავრცელებს

ზელენსკის უარის მიზეზი გუტერეშის მიერ რუსეთში, ქალაქ ყაზანში BRICS-ის სამიტზე დასწრებაა, სადაც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად "სამართლიანი მშვიდობის" დამყარებაა საჭირო. 

"ყაზანის შემდეგ გუტერეშს უკრაინაში ჩამოსვლა სურდა, თუმცა მისი ვიზიტის სურვილი პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა. ამიტომ გუტერეში აქ არ იქნება, კერძოდ, ყაზანში საღი აზრისა და საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფის გამო", - ეუბნება უკრაინული წყარო გამოცემას. 

უკრაინული მხარის კრიტიკის მიუხედავად, 22 ოქტომბერს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად რუსეთში, ქალაქ ყაზანში, ჩავიდა, სადაც იგი მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

რუსეთში ჩასვლამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ვიზიტის დაგეგმვისთვის გააკრიტიკა.

"გაეროს გენერალურმა მდივანმა შვეიცარიაში პირველ გლობალური მშვიდობის სამიტზე უკრაინის მიწვევაზე უარი თქვა. თუმცა, მან ომის დამნაშავე პუტინისგან ყაზანში მიწვევა მიიღო". - დაწერა სამინისტრომ სოციალურ მედიაში.

უკრაინის თქმით, "ეს არასწორი არჩევანია, რომელიც მშვიდობის საერთო საქმეს წინ ვერ წევს. იგი მხოლოდ გაეროს რეპუტაციას აზიანებს". 

ცნობისთვის, BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით, 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეემატა, რის გამოც დღეს ალიანსს BRICS ეწოდება.

2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში ასევე ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც გაწევრიანდნენ.

კომენტარები