რუსეთი

რუსეთში, ჩელიაბინსკში ტაქსისტი ქალის მკვლელობას არეულობა მოჰყვა

news 74

ჩელიაბინსკის ოლქში ტაქსის მძღოლის მკვლელობას ქალაქ კორკინოში ძალადობრივი არეულობა მოჰყვა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 74.ru წერს.

23 ოქტომბერს ქალაქ კორკინოში 40 წლის ტაქსის მძღოლი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, მკვლელობამდე ტაქსის მძღოლი "ადგილობრივმა ბოშებმა" გამოიძახეს და ამჟამად სწორად ისინი არიან ეჭვმიტანილები. ქალის სხეულზე დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღმოაჩინეს.

კორკინოს მაცხოვრებლები კი, გამოცემის ცნობით, "ბოშების კვარტალში ადგილობრივ მაღაზიასთან სპონტანურად შეიკრიბნენ და პოგრომი მოაწყვეს". შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი და უსაფრთხოების სხვა ძალები მივიდნენ.

გამოცემა Осторожно, новости წერს, რომ უსაფრთხოების ძალებმა დიასპორის ერთ-ერთ სახლს ალყა შემოარტყეს. გამოცემის ცნობით, ჩელიაბინსკიდან ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად, დაახლოებით, 20 მანქანა გაემგზავრა. მოსახლეობამ ალყაშემორტყმულ სახლთან გაჩერებული ავტომობილი ამოატრიალა.

ტელეგრამ არხი Mash-ის ცნობით, ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთს ტყვია კისერში მოხვდა, მეორეს ბარძაყში.

"ასობით კორკინოელი, რომელიც ახლა ქუჩაშია გამოსული, პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებს და იმას, რომ დიასპორის პრობლემა დიდი ხანია დგას. ბოშების სახლებში ჩამტვრეულია ფანჯრები. ხალხში გაისმა გასროლის ხმა. სპეცრაზმი გაბრაზებული მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს". - წერს 74.ru.

24 ოქტომბრის საღამოს საგამოძიებო კომიტეტის რაიონულმა სამმართველომ მკვლელობაში 17 წლის ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საგამოძიებომ კიდევ ერთი დაკავებულიც ახსენა, თუმცა, დანაშაულში მისი მონაწილეობა დადასტურებული ჯერ არ არის. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ტაქსის მძღოლსა და ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა ქალს, რომელიც საჭეს მართავდა, გულმკერდის არეში დანით მინიმუმ ოთხი ჭრილობა მიაყენა.

კომენტარები