სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის თქმით, სეული რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ჩასვლის პარალელურად "ფეხი-ფეხ გადადებული უსაქმურად" არ იჯდება. მისი თქმით, "სეული უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს გადახედავს".
სამხრეთ კორეა მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია, თუმცა აქამდე სეული უკრაინის იარაღით მომარაგებას ეწინააღმდეგებოდა. ჯერჯერობით, სეული კიევს მხოლოდ ჰუმანიტარულ და არალეტალური სამხედრო დახმარება უწევდა.
ამის მიუხედავად, ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს ქვეყნის ლიდერმა თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი "გადაიხედება". პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ კორეა "საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით აუცილებელ ზომებს მიიღებს".
"თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინის ომში სპეცრაზმს გაგზავნის, ჩვენ უკრაინას ეტაპობრივად დავუჭერთ მხარს და კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომების მიღებასაც განვიხილავთ" - თქვა იუნმა სეულში პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
იუნი და დუდა ერთმანეთს სეულში სტრატეგიული კავშირების განსახილველად და ახალი კონტრაქტის დასასრულებლად შეხვდნენ.
ორივე ლიდერმა დაგმო ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში განლაგება და თქვა, რომ ეს ფაქტი "გლობალურ საფრთხეს" წარმოადგენს.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება რუსეთში, რომელიც პირდაპირ არღვევს გაეროს წესდებას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, არის პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას" - თქვა იუნმა.
"ჩვენ ვიცავთ სასიკვდილო იარაღის არ მიწოდების პრინციპს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ქმედებებებზე დაკვირვებით შეგვიძლია უფრო მოქნილად გადავხედოთ ამ საკითხს" - დასძინა მან.
სამხრეთ კორეული გამოცემა, Yonhap სახელმწიფო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხარდასაჭერად გაგზავნილი ჩრდილოეთკორეელი დანაყოფების დასაზვერად სამხრ. კორეა უკრაინაში სპეციალისტების დანაყოფის გაგზავნას განიხილავს.
"არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინაში პერსონალს გავაგზავნით, რათა რუსეთის მხარდასაჭერად გადაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის სპეციალური დანაყოფების ტაქტიკასა და საომარ შესაძლებლობებს დააკვირდნენ". - თქვა ანონიმურმა წყარომ გამოცემის თანახმად.
გამოცემის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დანაყოფი შემდგარი იქნება დაზვერვის სპეციალისტებისგან, რომლებიც ჩრდილოეთკორეულ საბრძოლო ტაქტიკებს გაანალიზებენ და შეიძლება ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების დაკითხვაშიც მიიღონ მონაწილეობა.
23 ოქტომბერს, აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, "ძალიან სერიოზული" იქნება, თუკი ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში რუსების გვერდით საბრძოლველად ემზადებიან.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია.
14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან.
"ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება". – თქვა ზელენსკიმ.
უფრო ადრე, 8 ოქტომბერს ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომაც.
"ვინაიდან რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სამხედრო კავშირს გავს, უკრაინაში ჯარის გაგზავნის ალბათობა მაღალია".
ბოლო პერიოდში რუსეთ და ჩრდილოეთ კორეა ურთიერთობის გამყარებით არის დაკავებული. 2024 წლის ივნისში ქვეყნის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც გულისხმობს.
ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამოცემა The Times ასევე წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვი რუსეთს გადასცა.