პრიგოჟინის მკვლელობა

WSJ: ევგენი პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი ნიკოლაი პატრუშევია

ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვის დატოვების დროს, 24 ივნისი, 2023 წელი.

The Wall Street Journal-ის მტკიცებით, კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობის ორგანიზატორი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა დასავლური სადაზვერვო სამსახურების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

WSJ-ი წერს, პატრუშევი პრიგოჟინის მზარდი გავლენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში აფრთხილებდა. 

"თუმცა, პრეზიდენტმა არ მოუსმინა მის სიტყვებს, ვინაიდან ვაგნერელები [უკრაინის] ბრძოლის ველზე წინ მიიწევდნენ". - წერს გამოცემა. 

ამის მიუხედავად, WSJ-ს წყაროს, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, ვითარება შეიცვალა 2022 წლის ოქტომბერში.

ამის შემდეგ, როგორც გამოცემა წერს, პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, დაურეკა პუტინს და საბრძოლო მასალის ნაკლებობის შედეგად ვაგნერელების რიგებში დიდი დანაკარგების გამო გაკიცხა. როგორც, WSJ-ს წყარო ირწმუნება, პატრუშევი იმ მომენტში პუტინის კაბინეტში იმყოფებოდა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ პუტინმა უგულებელყო პრიგოჟინის შემდგომი პრეტენზიები ვაგნერის მიწოდებასთან დაკავშირებით, მათ შორის საჯარო კონფლიქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

ამასთან, WSJ-ი წერს, რომ 2023 წლის ივნისში, როდესაც პრიგოჟინმა დაიწყო აჯანყება, პატრუშევმა ეს მიიჩნია, როგორც კსკ ვაგნერის დამფუძნებლის სამუდამო მოშორების შესაძლებლობა და კონტროლი აიღო. 

გარდა ამიას, გამოცემა ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შესაძლებელი გახდა ვაგნერის დაქირავებული ჯარისკაცების ბელარუსის ტერიტორიაზე გაყვანაზე შეთანხმება და პრეზიდენტი პირობა დადო აჯანყებულთა დევნის შეწყვეტაზე, პატრუშევმა დაიწყო პრიგოჟინის მოკვლის მიზნით გეგმის შემუშავება.

გამოცემის წყაროების ცნობით, მოგვიანებით პუტინს ეს გეგმები გააცნეს, რაზეც მას წინააღმდეგობა არ გამოუხატავს. WSJ-ი დასავლურ სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 23 აგვისტოს შერემეტიევოს აეროპორტში, Embraer-135ის ტიპის კერძო თვითმფრინავის ფრთის ქვეშ, რომელსაც პრიგოჟინი იყენებდა, პატარა ზომის ბომბი განათავსეს.

აფრენიდან ნახევარ საათში თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ამის შემდეგ, 5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბის სხდომაზე კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის გარე ზემოქმედებით არ ჩამოვარდნილა.

"ვიცი, ჰაერშია გამოკიდებული შეკითხვა, რა მოუვიდა კომპანიის ხელმძღვანელობას. ჩვენ ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ, საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა ზუსტად რამდენიმე დღის წინ ანგარიში ჩამაბარა. ავიაკატასტროფაში დაღუპულების სხეულებში აღმოჩენილია ხელყუმბარის ფრაგმენტები. გარე ზემოქმედება თვითმფრინავზე არ ყოფილა, ეს უკვე  რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ექსპერტიზის მიერ დადასტურებული ფაქტია". - თქვა პუტინმა.

მანვე დასძინა, რომ "სამწუხაროდ" დაღუპულების სისხლში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების არსებობაზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა. მისი თქმით, მსგავსი ექსპერტიზა განსაკუთრებით აუცილებელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ პეტერბურგში პრიგოჟინის ოფისის ჩხრეკისას 10 მილიარდ ნაღდ ფულთან ერთად, 5 კილოგრამი კოკაინიც იპოვეს.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

კომენტარები