მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის პრორუს ლიდერს, ევგენია გოცულს, ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაადო.
სანქცირების მიზეზი "რეგიონში სეპარატიზმისთვის ხელის შეწყობა გახდა".
გუცულის გარდა სანქციები შეეხოთ გაგაუზიის სხვა მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის რესპუბლიკის ლიდერის მოადგილეს კავშირგაბმულობისა და მედიის საკითხებში მიხაილ ვლახს, საგარეო კავშირების სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილეს იური კუზნეცოვს, სააღმსრულებლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესა და ეროვნული ყრილობის დეპუტატს ილია გუზუნს.
სანქციები ასევე შეეხო რუსეთში ბაზირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიას და მის დირექტორს ნელი პარუტენკოს. ევროკავშირის საბჭოს განმარტებით ორგანიზაცია საზღვარგარეთ, მათ შორის მოლდოვაში რუსეთის ინტერესებს ატარებს.
სანქციები პირებისთვისა და ორგანიზაციებისთვის ფინანსური აქტივების გაყინვას გულისხმობს. ასევე სანქცირებულ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდებათ.
"მოლდოვა რუსეთის მხრიდან ეჩეხება დესტაბილიზაციის პირდაპირ და აშკარა მცდელობებს. ეს არის სუვერენული ქვეყნისა და მისი დემოკრატიული არსებობის პირდაპირი საფრთხე". – თქვა უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის სანქციებს მიესალმა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაი პოპშოი:
"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელს უწყობს მოლდოვაში მდგრადობის გაძლიერებას და მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას".
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.
მიმდინარე წლის 1 მარტს გაგაუზიის ლიდერები მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს შეხვდნენ. გუცული პირველი მოლდოველი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ეწვია.
შეხვედრას გაგაუზიის მხრიდან გოცული და სახალხო კრების ხელმძღვანელი დმიტრი კონსტანტინოვი დაესწრნენ.
გუცულმა თქვა, რომ მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ირღვევა გაგაუზიელების უფლებები, ხოლო ავტონომიას სურს რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, კერძოდ კი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყდა.
ერთი დღით ადრე მოსკოვს ასევე დახმარება სთხოვა დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ.
რუსეთში ვიზიტისას, გუცული სოჭში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ის პირველი მოლდოველი ოფიციალური პირი გახდა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს პირადად შეხვდა.
გუცულის თქმით, პუტინმა მასთან "იმ რთულ რეგიონალურ და გეოპოლიტიკურ პრობლემებზე ილაპარაკა, რომელთა ცენტრში ჩვენი გაგაუზია იმყოფება". გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი "მზად არის მხარი დაუჭიროს გაგაუზიასა და გაგაუზიელ ხალხს".
მოგვიანებით ბაშკანმა თქვა, რომ "მოლდოველებს ევროპული სტანდარტის ცხოვრებას პირდებოდნენ, გაგაუზიის რესპუბლიკის მაცხოვრებლების ცხოვრების პირობები კი ყოველდღიურად უარესდება. რუსეთი მოლდოვასთან მეგობრული ურთიერთობით არის დაინტერესებული, პრეზიდენტ მაი სანდუ ამ ურთიერთობის გაწყვეტას და ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს".
8 მარტს მოლდოვის გენერალური პროკურორის მოვალეობების შემსრულებელმა, იონ მუნტიანუმ თქვა, რომ გუცულის წინააღმდეგ გამოძებაა დაწყებული.
9 აპრილს გუცული მოსკოვში მეორედ ჩავიდა.
ლიდერის განმარტებით ვიზიტი რუსულ ბანკ პრომსვიაზბანკთან ხელშეკრულების გაფორმებას ემსახურება. გუცულის აზრით, ეს ნაბიჯი რუსეთიდან გაგაუზიაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ჩარიცხვებს გაამარტივებს.
გაგაუზიის ლიდერის ვიზიტს გამოეხმაურა ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW):
"კრემლი დიდი ალბათობით, მოლდოვაში მყოფ პრორუსი მოთამაშეების გამოყენებას ცდილობს. მიზანი ქვეყნის დემოკრატიისა და საზოგადოების დესტაბილიზაცია და ევროკავშირში შესვლის პროცესის შეფერხებაა. შესაძლოა ეს ნაბიჯები მომავალში ჰიბრიდული ან კონვენციური ოპერაციების გასამართლებლად იდგმებოდეს".
გარდა ამისა ევგენია გუცული მოლდოვიდან დევნილი ოლიგარქის, ილან შორის მხარდამჭერი და მისი რუსეთიდან მართული საარჩევნო ბლოკის, შანსის წევრია.
გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.
ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.





